ახალი ამბები

ნოღაიდელის მხარდამჭერები იუსტიციის სამინისტროს უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ

12 იანვარი, 2011 • 1515
ნოღაიდელის მხარდამჭერები იუსტიციის სამინისტროს უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ

”ეს პროცესი მთლიანად ხელისუფლების მხრიდან იყო მართული”, – ამბობს მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის გამგეობის წევრი კობა აბულაძე.

ზურაბ ნოღაიდელის მხარდამჭერმა და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის გამგეობის წევრმა კობა აბულაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე იუსტიციის სამინისტრო უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, დეკემბერში მოძრაობამ იუსტიციის სამინისტროს დასაბუთებულად აცნობა, რომ გარკვეული ჯგუფის განცხადება იმის შესახებ, რომ ზურაბ ნოღაიდელისთვის მოძრაობის გამგეობის თავმჯდომარის პოსტი ჩამოერთმიათ, უკანონოა და იგი სამინისტრომ არ უნდა განიხილოს.

განცხადების უკანონობას კობა აბულაძე იმით ასაბუთებს, რომ ის უშუალოდ ეწინააღმდეგებოდა მოძრაობის წესდების რამდენიმე პუნქტს, რის მიხედვითაც, მოძრაობის წევრთა 1/3–ის მოთხოვნა წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო მოძრაობაში და ასეთ შემთხვევაში გამგეობა დანიშნავდა რიგგარეშე ყრილობას, რაც კობა აბულაძის თქმით, არ მომხდარა.

”გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტრო, კერძოდ, ადამიანი, ვისაც ჩვენ გამუდმებით ვეკონტაქტებოდით,  იყო მაკა წოწონავა, რომელიც გვარწმუნებდა, რომ გადმოგვეცემოდა ეს განცხადება და საქმესთან დაკავშირებით არსებული ყველა დოკუმენტაცია, რადგან ჩვენ მხარეს წარმოვადგენდით”, – ამბობს აბულაძე.

აბულაძის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ ისინი მოატყუა და მათთვის არც ერთი დოკუმენტი არ მიუწოდებია.

ის ეჭვობს, რომ განცხადების ხელმომწერები მოძრაობის წევრები არ არიან.

”ჩვენ ვთხოვეთ, განცხადების ხელმომწერთა სიაც გადმოეცათ, რადგან იმ 3500 კაციდან რამდენიმე თვეა ბევრი რამდენიმე თვეა ჩვენი წევრი აღარ არის და ბევრიც საერთოდ უცნობია ჩვენთვის”, – აცხადებს კობა აბულაძე.

გუშინ იუსტიციის სამინისტრომ დააკმაყოფილა განცხადების ხელმომწერთა მოთხოვნა და ახალი დადგენილების შესაბამისად, ზურაბ ნოღაიდელი მოძრაობის თავმჯდომარე აღარ არის.

თავად ნოღაიდელი ამჟამად აშშ-ში იმყოფება და მისი კოლეგების ინფორმაციით ორ დღეში ჩამოვა, რის შემდეგაც  შემდგომ ნაბიჯებზე საჯაროდ განცხადებას გააკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი