ახალი ამბები

NCDC: კვლევამ საქართველოში აჩვენა, რომ სალონებში უხეშად ირღვევა სტერილიზაციის წესები

22 დეკემბერი, 2015 • 1860
NCDC: კვლევამ საქართველოში აჩვენა, რომ სალონებში უხეშად ირღვევა სტერილიზაციის  წესები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 2015 წლის განმავლობაში სილამაზის, ტატუირების, პირსინგის, აკუპუნქტურის სალონებსა და კაბინეტებში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა კვლევის შედეგების შეფასებამ [ნებაყოფლობით კვლევას დაექვემდებარა 2 133 ობიექტი] გამოავლინა, რომ ამ დაწესებულებათა პერსონალის ცოდნა დაავადებათა პრევენციისა და ჰიგიენის საკითხებში მეტად დაბალია, ხოლო ამ ობიექტების სანიტარული მდგომარეობა უკიდურესად არადამაკმაყოფილებელი.

“ინვაზიური პროცედურების ჩატარებისას უხეშად ირღვევა მრავალჯერადი ინსტრუმენტების სტერილიზაციის და დეზინფექციის წესები”, – ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰიგიენური პრაქტიკისა და და უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა აივ-ინფექცია შიდსის, B და C ჰეპატიტების და მთელი რიგი სხვა გადამდები დაავადებების გავრცელების მიზეზი შეიძლება გახდეს. შესაბამისად, როგორც ncdc-ში განმარტავენ,  ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მომზადდა “საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარული ნორმების დამტკიცების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი.

დადგენილების აღსრულების უზრუნველსაყოფად – ეროვნული ცენტრი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრების წარმომადგენლებთან აწყობს საინფორმაციო-განმარტებით შეხვედრებს თემაზე: “რა უნდა იცოდნენ საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტების მონიტორინგის მწარმოებლებმა”.

“საქართველოსათვის 2015-2020 წლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტეტად ც ჰეპატიტის ელიმინაციისაკენ მიმართული ღონისძიებები სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება და ამოქმედება გამოცხადდა, რომლის მიღწევის გზად მოსახლეობაში მაღალი რისკის შემცველი მომსახურების (მათ შორის საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტებში მიწოდებული ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების) სახელმწიფო კონტროლის /ზედამხედველობის მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შემუშავებითაა შესაძლებელი”, – წერია ცენტრის განცხდებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი