ახალი ამბებიეკონომიკა

3 წლის განმავლობაში ენერგეტიკის სექტორში 521,658 მლნ დოლარი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო

19 დეკემბერი, 2015 • 1479
3 წლის განმავლობაში ენერგეტიკის სექტორში 521,658 მლნ დოლარი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში” საქართველოს ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების, ასევე 2015 წელს ენერგოსექტორში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ მოხსენება გააკეთა.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციამ ენერგეტიკის სექტორში 521,658 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში საქართველოში განხორციელებული პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მიხედვით ენერგეტიკის სექტორი მეორე ადგილს იკავებს. ბოლო სამი წლის განმავლობაში ენერგეტიკაში ადგილობრივი ბანკების როლიც მნიშვნელოვნად გაიზარდა და შედეგად, 130 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი ჩაიდო ენერგეტიკის მიმართულებით, საიდანაც 100 მილიონზე მეტით დაფინანსდა 16 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი.

სამინისტროს ინფორმაციით, 2013-2015 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა 12 ჰიდროელექტროსადგური. მათი ჯამური სიმძლავრე 170,7 მგვტ-ია, ხოლო ჯამურმა ინვესტიციამ 283 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციებს ახორციელებენ უცხოური კომპანიები: Tata Group, Clean Energy, K-Water, Translelectrika, Anadolu, Calik, Hydrolea, რომლებიც მონაწილეობენ მასშტაბურ პროექტებში, მათ შორისაა ხუდონი – 702 მგვტ, ნენსკრა – 280 მგვტ. ონის ჰესების კასკადი – 177 მგვტ.

ანგარიშის მიხედვით, საერთო ჯამში, ქვეყანაში მიმდინარეობს 114 პროექტი განახლებადი ენერგიის ათვისების მიზნით, მიმდინარეობს ქარის ელექტროსადგურის პროექტებიც, მათ შორის ერთი მშენებლობის და სამი კვლევის ეტაპზეა.

სამინისტროს ცნობით, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა დაასრულა საქართველოში არსებულ მდინარეების წყალშემკრები 4 აუზის აუთვისებელი ჰიდროპოტენციალის კვლევა: რის შედეგადაც პირველ ეტაპზე, რომელიც მოიცავდა საძიებო კვლევებს, გამოვლინდა 88 პროექტი, ჯამური დადგმური სიმძლავრით 1489 მგტვ. ხოლო მეორე ეტაპზე, რომელიც მოიცავდა წინასწარ ეკონომიკურ დასაბუთებას, გამოვლინდა 48 პროექტი ჯამური დადგმური სიმძლავრით 460 მგვტ. პროექტები გადაეცემა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და ისინი სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებულ განახლებადი პოტენციური წყაროების ნუსხაში განთავსდება.

ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაიწყო შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის განხორციელება. პროექტის ფარგლებში საქართველოში 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. 400 მლნ. აშშ დოლარის მომსახურებისა და საქონლის შეძენა უშუალოდ საქართველოში მოხდება. 2019 წლიდან საქართველო დამატებით მიიღებს დაახლოებით 1 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს შეღავათიან ფასად. „ნამახვან ჰესების კასკადის“ პროექტი უნდა განხორციელდეს წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. პროექტი შედგება „ნამახვანი“ და „ტვიში“ ჰესებისაგან. პროექტის დადგმული სიმძლავრე 433 მვტ-ია. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულებაა 730 მლნ.აშშ დოლარი.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის საბაზისო დიზაინი მოამზადა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ – „სტუდიო პიეტრანჯელიმ“. პროექტის ფარგლებში მომზადდა ასევე საპროექტო ტერიტორიაზე არსებული გზის ალტერნატიული, შემოვლითი გზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, გარემოზე ზემოქმედების ანგარიში. გავლენის არეალში მოხვედრილ მოსახლეობას დაუკანონდა ფაქტიურ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები, აშენდა პროექტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტი – ხიდი მდ. რიონზე სოფელ ჟონეთთან. ამჟამად მიმდინარეობს სანებართვო პროცედურები და 2016 წლის დასაწყისში დაგეგმილია სამშენებლო ნებართვის აღება.

უახლოეს დღეებში გამოცხადდება მოწვევა ინტერესთა გამოხატვის თაობაზე პროექტის ინვესტორის შესარჩევად. ინვესტორის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იქნება სახელმწიფოს მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის უმცირესი ტარიფი.

შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის, თანაინვესტირების ფონდის, ენერგეტიკის განვითარების ფონდის, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საბანკო სექტორის, საქართველოში მოქმედი ინვესტორი კომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი