ახალი ამბები

რუსთავი 2–ის ჟურნალისტები პროკურატურაში დაკითხეს

17 დეკემბერი, 2015 • 1551
რუსთავი 2–ის ჟურნალისტები პროკურატურაში დაკითხეს

რუსთავი 2–ის ინფორმაციით, დღეს პროკურატურაში სხვადასხვა საქმეებთან დაკავშირებით ტელეკომპანიის ჟურნალისტები, დავით ქაშიაშვილი და ნათია ტრაპაიძე დაკითხეს.

რუსთავი 2–ის ჟურნალისტის, დავით ქაშიაშვილის განცხადებით, გამოძიება დაინტერესებული იყო კურიერში გასული რეპორტაჟით, სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები- ეკა ბესელია და მანანა კობახიძე ციხეში “კოკაინის საქმეზე” მსჯავრდებულ ანასტასია ზაუტაშვილთან შესახვედრად დადიოდნენ. მისი ადვოკატის განცხადებით, მას ჩვენება არ მიუცია.

ჟურნალისტი ნათია ტრაპაიძე კი აცხადებს, რომ გამოძიებას მასთან შეკითხვები მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილზე მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების ბრალდებებთან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტის თაობაზე ჰქონდა:

“საქმე ეხებოდა ერთ–ერთი მოსამართლის შესაძლო კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობას, რომლის შესახებაც მსჯავრდებულების ოჯახებმა ისაუბრეს. ფირცხალავა–ცააძის ოჯახის წევრები კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით გამოთქვამდნენ ეჭვებს, რომ მან გამამტყუნებელი განაჩენისთვის აიღო ფული. ჩვენება არ მიმიცია, რადგან კანონი მაძლევს უფლებას, რომ ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით არ მივცე ჩვენება,”– განაცხადა მან.

 

საქარველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50–ე მუხლის “თ” პუნქტის თანახმად, ჟურნალისტი არ არის ვალდებული, იყოს მოწმე პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან  დაკავშირებით.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი