ახალი ამბები

პრეზიდენტმა მოწმეთა დაკითხვის წესის ამოქმედების გადავადებას ხელი მოაწერა

17 დეკემბერი, 2015 • 1465
პრეზიდენტმა მოწმეთა დაკითხვის წესის ამოქმედების გადავადებას ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 2009 წელს მიღებული მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების 20 თებერვლამდე გადავადებას მხარი დაუჭირა. ეს წესი ძალაში 2015 წლის 31 დეკემბერს უნდა შესულიყო.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, ამ საკითხთან დაკავშირებით გაურკვევლობები მაინც არსებობს:

“მაშინ, როდესაც მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ბოლო გადავადებიდან ორი წელია თითქმის გასული. რატომ არ მოხდა უფრო ადრე, დროის რაციონალურად გამოყენების რეჟიმში იმ საჭირო მატერიალური თუ სამოსამართლეო რესუსრსების მოძიება და გათვლა წინასწარ. ასევე, გაურკვეველია, გარკვეულ კითხვებს ბადებს ის საკითხიც, რომ გამოძიების პროცესში მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი 2009 წელს იქნა მიღებული და უკვე მეხუთეჯერ ხდება ამ ნომრის ამოქმედების გადავადება. ეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკითხი ეხება საკმაოდ მნიშვნელოვან ნოვაციას და ზოგადად, მოწმის უფლებას, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია,”- განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

მისივე თქმით, 16 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის მიხედვითაც საქართელოს პრალმენტმა ნაცვლად 31 დეკემბრისა, მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების თარიღად განსაზღვრა 2016 წლის 20 თებერვალი და ეს ცვლილებები ხელმოსაწერად პრეზიდენტს იმავე დღეს გადაეგზავნა. მისივე თქმით,  ამგვარი გადავადების მიზეზად მოყვანილი იყო გარკვეული სასამართლო რესურსების გაზრდისა და გარკვეული საბიუჯეტო რესურსების მოძიების აუცილებლობა.

ამავდროულად, პარლამენტში იხილება იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი, რომელიც 2 მოსმენით პარლამენტმა უკვე მიიღო.  კვერენჩხილაძის განცხადებთ, პრეზიდენტის პოზიცია ამ საკითხზე ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს მოწმეთა დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით არსებით რეგულაციებს.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით მუდმივად და ახლაც ვაკვირდებით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მოწმის დაკითხვის წესთან მიმდინარე მსჯელობებს და პრეზიდენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ საკმაოდ მნიშვნელოვან, არსებით საკითხთან მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს მოწმეთა დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით არსებით რეგულაციებს,”– აცხადება გიორგი კვერენჩხილაძე.

2009 წელს მიღებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, გამოძიების სტადიაზე, მხარის შუამდგომლობით, მოწმე მხოლოდ სასამართლოში უნდა დაიკითხოს. ამ ცვლილებების თანახმად, გამოძიების სტადიაზე მოწმე ნებაყოფლობით როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარემ შეიძლება გამოკითხოს. რაც შეეხება დაკითხვას, ის არ არის ნებაყოფლობითი ხასიათის და მხოლოდ კონკრეტულად განსაზღვრული გარემოებების შემთხვევაში შესაძლოა განხორციელდეს არა გამომძიებელთან, არამედ სასამართლოში, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე.

ამ ცვლილებების ძალაში შესვლა რამდენჯერმე გადაიდო, უკანასკნელი გადადების შემდეგ კი ამოქმედების ვადად 2016 წლის 1 იანვარი ჩაიწერა. პარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილებით, ნორმის ამოქმედება კიდევ ერთხელ –  2016 წლის 20 თებერვლამდე გადაიდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი