ახალი ამბები

საფრანგეთში დააკავეს ქართველი კაპიტანი, რომლის გემსაც 2.3 ტონა კოკაინი გადაჰქონდა

17 დეკემბერი, 2015 • 1786
საფრანგეთში დააკავეს ქართველი კაპიტანი, რომლის გემსაც 2.3 ტონა კოკაინი გადაჰქონდა

ფრანგული მედიის ცნობით, პარასკევს, 11 დეკემბერს, საფრანგეთში, მოლდოვურ გემზე “კარიბ პალმი”, რომელსაც ქართველი კაპიტანი ჰყავდა, 2.3 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს. მათივე ცნობით, ამ რაოდენობის კოკაინის ღირებულება დაახლოებით 80 მილიონ ევროს შეადგენს.

ფრანგულ მედიაში წერენ, რომ დაკავებული არიან გემის ქართველი კაპიტანი და ეკიპაჟის წევრები: თურქეთის მოქალაქე და უკრაინის 10 მოქალაქე.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ საფრანგეთის ქალაქ ლილის პორტში გემზე “კარიბ პალმი”, რომელიც მოლდოვის დროშის ქვეშ ცურავდა, დააკავეს ქართველი კაპიტანი ბადრი ბერიძე.  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ადასტურებენ, რომ გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქე იყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ  ამ საკითხის შესახებ საქართველოს საკონსულომ რამდენჯერმე მიმართა ადგილობრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მათგან პასუხს ელოდება.

ფრანგულ მედიაში ასევე ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ასახულია “კარიბ პალმზე” აღმოჩენილი ნარკოტიკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი