ახალი ამბები

IDFI: საჯარო უწყებებში პრემიების დანამატით ჩანაცვლების ტენდენცია 2015 წელსაც შენარჩუნდა

16 დეკემბერი, 2015 • 1172
IDFI: საჯარო უწყებებში პრემიების დანამატით ჩანაცვლების ტენდენცია 2015 წელსაც შენარჩუნდა

IDFI–ის ანგარიშში, რომელიც საჯარო დაწესებულებებში 2015 წლის 6 თვის სახელფასო პოლიტიკის მონიტორინგს მოიცავს, აღნიშნულია, რომ  2014 წელს დაწყებული პრემიების სახელფასო დანამატით ჩანაცვლების ტენდენცია 2015 წელსაც გრძელდება.

ინსტიტუტი აცხადებს, რომ ეს ტენდენცია 2014 წლის 15 ივლისს საქართველოს მთავრობის მიერ პრემიების გაცემაზე დაწესებულმა რეგულაციებმა განაპირობა.

ინსტიტუტის ცნობით, 2015 წელს თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებას თავი აარიდა მხოლოდ ორმა უწყებამ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

IDFI–ის ინფორმაციით, 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში საქართველოს 14 სამინისტროს და 3 სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამდებობის პირებზე სულ გაცემულია 5 477 391 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი და პრემია, საიდანაც პრემიის სახით გაიცა 945 229 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით – 4 532 162 ლარი.

ასევე, სამინისტროებს შორის, რომელთაც IDFI–ის სრულყოფილად მოაწოდეს ინფორმაცია, ერთადერთი უწყება აღმოჩნდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სადაც 2015 წლის 6 თვის განმავლობაში თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების ოდენობა აღემატება სახელფასო დანამატების ოდენობას. ამას ინსტიტუტი ხსნის იმით, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამდებობის პირებისათვის, გარდა მინისტრისა, ყოველთვიური სახელფასო დანამატი დაწესებული არ აქვს.

IDFI–ის მონაცემებით,  2014 წლის მსგავსად, 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაშიც სამინისტროების თანამდებობის პირებს შორის ყველაზე მეტად დარეგულირებულია მინისტრის შრომის ანაზღაურება, რომელიც შეადგენს ყოველთვიურად 6 250 ლარს (თანამდებობრივი სარგო – 3540 ლარი და პრემიერ-მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სახელფასო დანამატი – 2710 ლარი).

ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში თანამდებობრივი სარგოს – 3540 ლარის ოდენობის პრემია მიღებული აქვს მხოლოდ  საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ თამარ ბერუჩაშვილს.

რაც შეეხება მინისტრის მოადგილეებს, IDFI–ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია ერთი და იმავე ოდენობით (პირველი მოადგილე – 2 950 ლარი, მოადგილე – 2 720 ლარი), 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეების ყოველთვიური სახელფასო დანამატი შეადგენდა 5 500 ლარს, იუსტიციის მინისტრის მოადგილეების – 4 000 ლარს, ფინანსთა მინისტრის მოადგილეების – 3 624 ლარს, თავდაცვის მინისტრის მოადგილეების- 3 182 ლარს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეების – 1 360 ლარს.

დანარჩენი სამინისტროების შემთხვევაში კი, IDFI-ის ცნობით, მინისტრის მოადგილეები ყოველთვიურად იღებდნენ დაახლოებით თანამდებობრივი სარგოს ოდენობის სახელფასო დანამატს.

idfi 3

ამასთან, IDFI–ის ცნობით, სხვადასხვა სამინისტროში თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატებთან ერთად, 2014 წლის 15 ივლისს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პრემიების გაცემის წესის შესაბამისად, გაიცემოდა პრემიებიც.

როგორც IFDI აცხადებს, საჯარო დაწესებულებებში არსებული შრომის ანაზღაურების პოლიტიკასთან დაკავშირებული პრობლემები უფრო თვალსაჩინოა სამინისტროებს დაქვემდებარებული სსიპ–ების მაგალითზე:

“აღნიშნული უწყებების შრომის ანაზღაურების ფონდი ფორმირდება, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აგრეთვე საკუთარი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებიდან. შესაბამისად, საკუთარი საქმიანობის შედეგად, მაღალი შემოსავლების მქონე დაწესებულებებს საშუალება ეძლევათ მეტი თანხების მობილიზება მოახდინონ შრომის ანაზღაურების ფონდში პრემიებისა თუ სახელფასო დანამატების გასაცემად,”– აცხადებს IDFI.

მაგალითად, IDFI–ის ცნობით, 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში არის შემთხვევები, როდესაც მინისტრის შრომის ანაზღაურებას მნიშვნელოვნად აღემატება მის დაქვემდებარებულ უწყებაში დასაქმებული თანამდებობის პირის ანაზღაურება: 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის შრომის ანაზღაურება – 81 301 ლარი, დაახლოებით ორჯერ აღემატება იმავე პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შრომის ანაზღაურებას -37 260 ლარი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი