ახალი ამბებისაზოგადოება

ბრძოლა რელიგიურ ფუნდამეტალიზმსა და ტრადიციებს შორის პანკისის ხეობაში [ფოტო]

16 დეკემბერი, 2015 • 3236
ბრძოლა რელიგიურ ფუნდამეტალიზმსა და ტრადიციებს შორის პანკისის ხეობაში [ფოტო]

მომავალ კვირას პანკისის ხეობაში, ე.წ. ტრადიციული ისლამის მიმდევართა მეჩეთში  ახალი მედრესე გაიხსნება, რაც ადგილობრივ თემს იმედს აძლევს, რომ ხეობაში ე.წ. რადიკალი ისლამისტი სალაფიტების გავლენა შემცირდება.

პანკისის ხეობის იმამი ომარ ალდამოვი, რომელიც ტრადიციული ისლამის მიმდევარია, იმედოვნებს, რომ მედრესეს გახსნის შემდეგ მეჩეთში უფრო მეტი ადამიანი მივა. ალდამოვი ამბობს, რომ მეჩეთში, სადაც ის მსახურობს, პარასკევის ლოცვას ახალგაზრდები არ ესწრებიან. ისინი ამჯობინებენ, რომ ლოცვებს სალაფიტების მეჩეთში დაესწრონ.

”მაგალითად, ქუჩაში შეიკრიბებიან ბიჭები. ეს 4 ადამიანი მიდის იქით მეჩეთში, მე კიდევ მარტო ვრჩები, ან ორნი ვრჩებით. მოდი, იქით მეჩეთში წავიდეთ, იქითაც ხომ მეჩეთია, იქითაც ხომ ლოცვაა?! ალბათ, ერთად შეიკრიბებიან და ერთად მიდიან ხოლმე, მაგრამ ეს იმაში კი არ გამოიხატება, რომ ვინც იქ ლოცულობს, ყველა ვაჰაბიტია და ჩვენი ტრადიციების საწინააღმდეგოდ მოქმედებს”, – ამბობს ალდამოვი.

იმამს მიაჩნია, რომ მთავარი განსხვავება “ტრადიციულ ისლამსა” და “სალაფიზმს” შორის ისაა, რომ სალაფიტები ქისტების მამა-პაპების ტრადიციებს პატივს არ სცემენ და “მიყვებიან არაბულ წეს-ჩვევებს, ჩვენ კიდევ ჩვენი მამა-პაპების ტრადიციებს მივყვებით”, – ამბობს ალდამოვი.

"ტრადიციული ისლამის" მეჩეთი. პანკისის ხეობა. ფოტო: მიშა მეფარიშვილი. 11.12.2015

“ტრადიციული ისლამის” მეჩეთი. პანკისის ხეობა. ფოტო: მიშა მეფარიშვილი. 11.12.2015

მისივე თქმით, განსხვავების მიუხედავად, ხეობაში ქისტები მეგობრულად ცხოვრობენ და ოჯახებს შორის ნათესაობაცაა.

ალდამოვი მადლობას უხდის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ დასრულდა 2015 წლის აგვისტოში დაწყებული მედრესეს მშენებლობა. მისი აზრით, მედრესეს აშენება ახალგაზრდებს სჭირდებათ, რათა დაინტერესდნენ, რომ მეჩეთში შევიდნენ.

იმამი ამბობს, რომ მათ, ვინც სირიაში საბრძოლველად წავიდნენ, მისთვის აზრი არ უკითხავთ, უნდა წასულიყვნენ თუ არა იქ. მას არც იმ მუსლიმებზე სურს საუბარი, რომლებიც სალაფიტურ მეჩეთში დადიან.

ისლამის მიმდევართა მეორე ფრთას არ მოსწონს, რომ მათ ფუნდამენტალისტებს ან სალაფიტებს უწოდებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ისინი ისლამს ქადაგებენ და ეს სახელები სხვების მოგონილია.

”ეს ფორმები კონკრეტული ხალხის დაყოფისთვისაა შემოტანილი. ჩვენ ვართ მუსლიმები და თუ ვინმე თავის თავს ტრადიციული ისლამის მიმდევრებს უწოდებს, ეგ მაგისი პრობლემაა”, – ამბობს პანკისის მცხოვრები, რომელიც მუსა პანკისელის სახელით გაგვეცნო.

იგი ამბობს, რომ ყველა ადამიანმა აუცილებლად უნდა მიიღოს ცოდნა ისლამის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ აღასრულებს ღვთის მიერ მოვლენილ კანონებს. მისი აზრით, საქართველოში არ არის ადგილი, სადაც სრულყოფილი განათლების მიღებაა შესაძლებელი.

სალაფიტების მეჩეთი. პანკისის ხეობა. ფოტო: მიშა მეფარიშვილი. 11.12.2015

სალაფიტების მეჩეთი. პანკისის ხეობა. ფოტო: მიშა მეფარიშვილი. 11.12.2015

”იგივე ბიბლიაშიც არის ნახსენები, რომ რასაც გასცემ მარჯვენა ხელით, ისე გაეცი, რომ მარცხენამ არ დაინახოს. მოდით და ახლა განმარტეთ, ეს რას ნიშნავს. ვერ განმარტავს ვერც არაბულის მცოდნე და ვერც თქვენ. თქვენც შეიძლება წაკითხული გაქვთ, მაგრამ ვერ ამიხსნით, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები ხართ. განმარტება უნდა ვიცოდეთ, ხალხამდე აზრისა და მნიშვნელობის სწორად მიტანა”, – ამბობს მუსა.  

ვახტანგ ფარეულიძე ერთ-ერთია ე.წ. რადიკალური ისლამის მიმდევართა შორის. განათლება საუდის არაბეთში მიიღო, სადაც დაახლოებით 9 წელი სწავლობდა ისლამსა და არაბულ ენას.

ფარეულიძის თქმით, საუდის არაბეთში კარგი პირობებია სტუდენტებისათვის: უფასოა საცხოვრებელი, მგზავრობა, არის სტიპენდია, ხოლო საქართველოში არაბულის ისე სწავლა, რომ ისლამი ისწავლო, შეუძლებელია.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენადაა გამართლებული ISIS-ის ქმედებები, ფარეულიძე პასუხობს, რომ ყურანი უდანაშაულო ადამიანების ხოცვას კრძალავს, თუმცა კონკრეტულად ISIS-ის ტერაქტების შეფასებისგან თავს იკავებს.

”ისლამი უდანაშაულო ადამიანების სისხლისღვრას კრძალავს. ქალის, ბავშვის და მოხუცებულის მოკვლას ომშიც კი კრძალავს ისლამი. რაღაც კონკრეტულ ფაქტებზე, სად მოხდა, რა მოხდა, როგორ მოხდა, ვინ გააკეთა, მაგაზე კომენტარებს ვერ გავაკეთებთ, არ ვიცით”, – ამბობს ფარეულიძე.

სოფელი წინუბანი, პანკისის ხეობა. ფოტო: მიშა მეფარიშვილი. 11.12.2015

სოფელი წინუბანი, პანკისის ხეობა. ფოტო: მიშა მეფარიშვილი. 11.12.2015

ფარეულიძეს არ მოსწონს ისლამის ისეთი გაგება, როდესაც დასაშვებად მიაჩნიათ რაღაც იმიტომ, რომ ეს რომელიმე ქვეყანაშია დაშვებული, მაშინ, როცა ყურანში ამგვარი რამ დაუშვებელია. მას ასევე არ მოსწონს უხუცეს ქალთა საბჭოს საქმიანობა, რომელიც 2011 წელს “კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის” აქტიურობით შეიქმნა.

ფონდის დირექტორი იზა ბექაური ამბობს, რომ უხუცეს ქალთა საბჭო, სადაც 15 ქალი შედის, არის მედიატორი უხუცეს კაცთა საბჭოსთან, რათა ქალთა საკითხების დადებითად გადაჭრას მხარი დაუჭიროს.

შექმნის დღიდან უხუცეს ქალთა საბჭომ 32 საქმე შეისწავლა, რომლებიც ალიმენტის დანიშვნას, გვარის მიცემას, ბავშვის მშობელთან დაბრუნებას, ქონების დაკანონებას შეეხებოდა.  

იზა ბექაურის თქმით, პანკისში ტრადიციიდან გამომდინარე სასამართლოს არ მიმართავენ. ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ქალმა მიმართა სასამართლოს და დღემდე არაა დასრულებული.

პანკისის ხეობა. ფოტო: მიშა მეფარიშვილი. 11.12.2015

პანკისის ხეობა. ფოტო: მიშა მეფარიშვილი. 11.12.2015

უხუცეს ქალთა საბჭოს გარდა, “კახეთის რეგიონული განვითარების ფონდს” ახალგაზრდებისთვის სასწავლო ცენტრი აქვს ჩამოყალიბებული, სადაც ქართულს, ჩეჩნურს, ინგლისურს, ისტორიას, გეოგრაფიას და კომპიუტერთან მუშაობის უნარებს ასწავლიან.

კურსებს მოსწავლეები სრულად ესწრებიან, თუმცა როდესაც საქმე კულტურულ ღონისძიებებს შეეხება, სიმღერას ან ცეკვას მოსწავლეების დიდი ნაწილი რელიგიური მოტივების გამო მონაწილეობაზე უარს ამბობს, თუმცა არის მუსლიმი მოსწავლეების მცირე ნაწილი, რომლებიც მონაწილეობაზე უარს არ აცხადებენ.

”სიმღერა, ცეკვა მიუღებელია ახალგაზრდების ნაწილისთვის, ვინც რადიკალური ისლამის მიმდევრები არიან. საგნობრივ კურსებზე სრული დასწრებაა, ყოველ სამ-ოთხ თვეში ვატარებთ კულტურულ ღონისძიებას, ამაზე უკვე უარს აცხადებენ. ამბობენ, რომ თუ ამ დარბაზში სიმღერა იქნება, მე არ დავრჩები. უმრავლესობა ასე ფიქრობს. ხსნიან იმით, რომ რელიგია ამას უკრძალავს. ბიჭები უფრო გამოკვეთილად ამბობენ უარს, ვიდრე – გოგოები”, – ამბობს იზა ბექაური.

პანკისის ხეობა. ფოტო: მიშა მეფარიშვილი. 11.12.2015

პანკისის ხეობა. ფოტო: მიშა მეფარიშვილი. 11.12.2015

პანკისის ხეობაში რადიკალური ისლამის მიმდევართა გავლენა ბოლო 4 წელია გაიზარდა. ისინი არ სცნობენ უხუცესთა საბჭოს ავტორიტეტს, აქვთ საკუთარი სასამართლო და ყავთ თავიანთი იმამები.

ზაურ გუმაშვილი, უხუცესთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, ერთ-ერთია, ვინც რადიკალურად განწყობილი მუსლიმების წინააღმდეგ გამოდის.

პანკისის ხეობის უხუცესთა კავშირში გაერთიანებულია ხეობიდან 30 ადამიანი, ხოლო გამგეობა 10 ადამინისგან შედგება და  არის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც 1 წლის განმავლობაში გაწერილი გეგმით მუშაობს და აბარებს ანგარიშს უხუცესთა კავშირს.

“მიმდინარეობს არაბიზაციის პროცესი. როდესაც ფუნდამენტალისტებს ესაუბრები, ამბობენ, რომ მათთვის მთავარია რელიგია, ეროვნება მეორეხარისხოვანი საკითხია. ჩემს ერს წაართმევენ ისინი ეროვნულობას, იმ ძვირფას ტრადიციებს, რაც ჩემთვის განსაკუთრებულია, რითაც ჩვენი ხალხი გამოირჩეოდა სხვა ხალხებისგან”, – ამბობს გუმაშვილი.

პანკისის ხეობა. ფოტო: მიშა მეფარიშვილი. 11.12.2015

პანკისის ხეობა. ფოტო: მიშა მეფარიშვილი. 11.12.2015

გუმაშვილის შეფასებით, რადიკალური ისლამი მთელი მსოფლიოსთვის არის გამოწვევა და მისი გამოძახილი ისმის პანკიპის ხეობაშიც.

“თუკი სიმღერას და ინსტრუმენტებზე დაკვრას კრძალავენ, არ არის რადიკალიზმი? კულტურის ნიშნები რითი შეიძლება გამოიკვეთოს ნებისმიერ საზოგადოებაში? ეს სიბნელისკენ სვლაა ორი-სამი საუკუნით უკან და ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ არის რადიკლიზმი. კი, ჩვენ რადიკალები ვართ, ვინ იტყვის? ეს დასკვნა ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ზუსტად ამის წინააღმდეგ ვართ, ჩვენ გვინდა წინსვლა. გვინდა ჩვენი ახალგაზრდები, მართალია, ჩვენი ტრადიციის შენარჩუნებით, მაგრამ თანამედროვე მოქალაქეები იყვნენ”, – ამბობს ზაურ გუმაშვილი.

გუმაშვილის აზრით, მთავრობამ უნდა შექმნას პანკისის ხეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა, ხეობის სკოლებში უნდა შეიქმნას სპორტის, ცეკვის წრეები და ისწავლებოდეს თექის დამუშავება.

ყველაზე მთავარი, რაც მთავრობამ უნდა გააკეთოს, გუმაშვილის აზრით, ისაა, რომ მედრესეების ფუნქციონირება კანონს დაემორჩილოს და ისინი მხოლოდ ტრადიციული ისლამის მიმდევრებს ჰქონდეთ.

პანკისის ხეობა. ფოტო: მიშა მეფარიშვილი. 11.12.2015

პანკისის ხეობა. ფოტო: მიშა მეფარიშვილი. 11.12.2015

რელიგიის სააგენტომ მეთვალყურეობის ქვეშ უნდა აიყვანოს იმამების, მუფთებისა და მედრესეების მასწავლებელთა მუშაობა, ხოლო სამუფთო სამმართველომ 10 იმამს უნდა დაუნიშნოს ხელფასები, ამბობს გუმაშვილი.

“იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ახალგაზრდა კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დაიგვიანა პროცესმა, პანკისის ხეობას ჯეროვან ყურადღებას მიაქცევს”, – ამბობს ზაურ გუმაშვილი.

პანკისის ხეობა. ფოტო: მიშა მეფარიშვილი. 11.12.2015

პანკისის ხეობა. ფოტო: მიშა მეფარიშვილი. 11.12.2015

პანკისის ხეობა. ფოტო: მიშა მეფარიშვილი. 11.12.2015

პანკისის ხეობა. ფოტო: მიშა მეფარიშვილი. 11.12.2015

პანკისის ხეობა. ფოტო: მიშა მეფარიშვილი. 11.12.2015

პანკისის ხეობა. ფოტო: მიშა მეფარიშვილი. 11.12.2015

პანკისის ხეობა. ფოტო: მიშა მეფარიშვილი. 11.12.2015

პანკისის ხეობა. ფოტო: მიშა მეფარიშვილი. 11.12.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი