ახალი ამბები

ელისაშვილის ინფორმაციით, სუს-ში მის წინააღმდეგ კომპრომატებს აგროვებენ

16 დეკემბერი, 2015 • 1316
ელისაშვილის ინფორმაციით, სუს-ში მის წინააღმდეგ კომპრომატებს აგროვებენ

“ყველაფრისთვის მზად ვარ. ვხედავ, რომ მთელი სახელმწიფო ამხედრდა ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ ნაბიჯს არ დავიხევ უკან. დღეს ვერ დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს, 5 წლის შემდეგ გავაკეთებ ამას”, – ეს განცხადება საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა შეწყალების კომისიის სკანდალთან დაკავშირებით გააკეთა რუსთავი 2-ის ეთერში.

ელისაშვილის თქმით, მას არც დაპატიმრების ეშინია, რადგან იცის, რომ სიმართლეს ადრე თუ გვიან დაამტკიცებს იმის თაობაზე, თუ როგორ შოულობდნენ ფულს ცალკეული მაღალი თანამდბეობის პირები პატიმრების ციხიდან გამოშვების თემით. ელისაშვილი ჯერჯერობით კვლავ არ ასახელებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, თუმცა ამბობს, რომ, როგორც ჩანს, ამას მალე გააკეთებს.

ელისაშვილის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის წინააღმდეგ კონკრეტული ჯგუფი კომპრომატების მოგროვებას ცდილობს, თუმცა არც ამის ეშინია:

“ვიღაცას რომ ჰგონია, მე რაღაცებით შემაშინებენ, ზოგ-ზოგიერთების გასაგონად მინდა ვთქვა, განსაკუთრებით მომისმინონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში… ვერაფრით შემაშინებთ. რომ ფუთფუთებენ და რაღაც-რაღაცებს აგროვებენ, ძალიან კარგად ვიცი, რასაც აგროვებენ და მშვიდობაში მოიხმარონ, მზით გაცვითონ ის ყველაფერი. მე არაფრის მეშინია”, – თქვა ელისაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვას, რას გულისხმობს რაღაცების შეგროვებაში, ელისაშვილმა ასე უპასუხა:

“ამასაც, როგორც ჩანს, ძალიან მალე ვიტყვი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი