ახალი ამბები

პროკურორი აცხადებს, რომ მესიჯები, რომელზეც ელისაშვილი საუბრობდა, მობილურში არ აღმოჩნდა

15 დეკემბერი, 2015 • 1661
პროკურორი აცხადებს, რომ მესიჯები, რომელზეც ელისაშვილი საუბრობდა, მობილურში არ აღმოჩნდა

პროკურორი კოკა კაციტაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ის ესემესები, რომლებზეც ალეკო ელისაშვილი საუბრობდა, მის მობილურში არ აღმოჩნდა.

შეწყაბლების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ პროკურატურაში მობილური გუშინ მიიტანა.

“[ელისაშვილმა] გამოძებას წარუდგინა ის მობილური ტელეფონი, რომელშიც, მისი განმარტებით, უნდა ყოფილიყო ცალკეული მაღალჩინოსნების მიერ გამოგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები. მინდა განვაცხადო, რომ ალექსანდრე ელისაშვილის თანდასწრებით მოხდა ამ მობილური ტელეფონის დათვალიერება და მასში არ აღმოჩნდა მის მიერ მითითებული და დასახელებული მაღალჩინოსნების მიერ გამოგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ბატონმა ელისაშვილმა განაცხადა თანხმობა, რომ მობილურ ტელეფონს ჩაუტარდეს ექსპერტიზა, აქედან გამომდინარე, მისი თანდასწრებით მოხდა მობილური ტელეფონის დალუქვა და იგი გაგზავნილია სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში კომპიუტერულ–ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით,”– განაცხადა კოკა კაციტაძემ.

ალეკო ელისაშვილმა გუშინ, 14 დეკემბერს, პროკურატურაში შესვლის წინ განაცხადა, რომ მიიტანა ტელეფონი, სადაც ინახება “ისტერიული მესიჯები”, რომელსაც მას სწერდნენ.

საქმე ეხება ალეკო ელისაშვილი განცხადებას იმის შესახებ, რომ როცა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, მასზე კონკრეტული პატიმრის საქმის განხილვის მოთხოვნით ზეწოლა ხორციელდებოდა. მისი განცხადებით, პოლიტიკოსები კონკრეტული მსჯავრდებულების საქმის კრიტერიუმების გარეშე განხილვით იყვნენ დაინტერესებული, ამაში კი დიდი თანხები ჰქონდათ აღებული. კერძოდ, მან განაცხადა, რომ საუბარი იყო კონკრეტული პატიმრების გამოშვების სანაცვლოდ წინასწარ აღებულ $200 000–ზე და მომავალშ ასაღებ $1.5 მილიონზე.

პროკურატურა საქმეს ზეგავლენით ვაჭრობის მუხლით იძიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი