ახალი ამბები

კომპანიას, რომლის ბურბუშელაშიც პიროტექნიკა აღმოჩნდა, საწარმოო პროცესი შეუჩერეს

15 დეკემბერი, 2015 • 1422
კომპანიას, რომლის ბურბუშელაშიც პიროტექნიკა აღმოჩნდა, საწარმოო პროცესი შეუჩერეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საწარმოო პროცესი შეუჩერეს ბურბუშელის მწარმოებელ იმ კომპანიას, სადაც პიროტექნიკა აღმოაჩინეს. გარდა ამისა, კომპანიას პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა და 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაევალა.

სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ბურბუშელას მწარმოებელ შპს „დავლათში“ არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.

“სურსათში დადასტურდა ფიზიკური საფრთხის შემცველი პიროტექნიკის არსებობა, გამოვლინდა ასევე სხვა  კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც შპს „დავლათს“ შეუჩერდა  საწარმოო პროცესი, ბიზნესოპერატორი კი 1000 ლარით დაჯარიმდა. მას დაევალა პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა, რასაც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს,”– აღნიშნულია განცხადებაში.

ამ კომპანიაში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოკვლევის დაწყების მიზეზი გუშინ მიღებული შეტყობინებაა, რომლის მიხედვითაც, 4 წლის ბავშვმა ბურბუშელაში მოთავსებული საახალწლო ასაფეთქებელი გადაყლაპა, რის გამოც მოზარდი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს. ბავშვი საავადმყოფოდან გუშინ გაწერეს.

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ აგრძელებენ ინსპექტირებას  მთელი ქვეყნის მასშტაბით და მიმართავს ბიზნესოპერატორებს, არ განათავსონ სურსათთან ერთად ასაფეთქებელი, მომწამვლელი და სხვა სახის ნივთიერებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც მწარმოებელს, ასევე რეალიზატორს.

სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მსგავსი ფაქტების აღმოჩენისას დაუყოვნებლივ დარეკონ სააგენტოს ცხელ ხაზზე: 291 91 68.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი