ახალი ამბები

აქცია ვეტერანების მხარდასაჭერად

3 იანვარი, 2011 • 1083
აქცია ვეტერანების მხარდასაჭერად

მოქალაქეები 4 იანვარს საპროტესტო  აქციას გეგმავენ, რათა გააპროტესტონ დღეს თბილისში, გმირთა მოედანზე,  სამართალდამცავების მიერ ვეტერანების აქციის  დაშლა  ძალის გამოყენებით.

“აქციაზე ვიკრებებით ისინი, ვინც სოლიდარობას ვუცხადებთ ომის ვეტერანებსა და მათი ოჯახების წევრებს. ასევე ვაპროტესტებთ 3 იანვარს ვეტერანთა კანონიერი აქციის უკანონო დარბევას”, წერია facebook – ზე შექმნილ გვერდზე, სადაც განთავსებულია ინფორმაცია ხვალ დაგეგმილი აქციის შესახებ. აქციის იდეა კი თბილისის ფორუმზე გაჩნდა. 

აქცია გმირთა მოედანზე იგეგმება. სწორედ იქ, სადაც დღეს პოლიციამ  3 იანვარს მოშიმშილე ომის ვეტერანების აქცია ძალით დაშალა.

სხვადასხვა დაუზუსტებელი ინფორმაციით, აქციის დაშლის დროს რამდენიმე პირი დააკავეს. სამართალდამცავებს ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

სივილ ჯორჯიას  ცნობით, აქციის დაშლის შემდეგ გმირთა მოედანზე პრეზიდენტის ესკორტმა ჩაიარა.

ომის ვეტერანები გმირთა მოედანზე,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის წინ, შიმშილობის აქციას 27 დეკემბრიდან მართავდნენ.  ამ ფორმით ისინი ცდილობდნენ მიექციათ ხელისუფლების ყურადღება მათი მძიმე სოციალური პირობებისა და იმ “ღირსების შემლახავი” დამოკიდებულების გამო, რომელსაც, მათი თქმით, ხელისუფლება ვეტერანების მიმართ იჩენს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი