ახალი ამბები

რომელი დარღვევისთვის რამდენ ქულას დაკარგავენ მძღოლები

15 დეკემბერი, 2015 • 5752
რომელი დარღვევისთვის რამდენ ქულას დაკარგავენ მძღოლები

საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც შსს-მ მოამზადა, პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. შესაბამისად, უკვე ცნობილია ის 100-ქულიანი სისტემა, რომელიც მართვის მოწმობის სარგებლობის დღევანდელ წესს ჩაანაცვლებს.

მძღოლები საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის, ერთი მხრივ, ფულადი სახით დაჯარიმდებიან, ხოლო, მეორე მხრივ, შესაბამის ქულებსაც დაკარგავენ.

კანონპროექტის მიხედვით, მართვის უფლების დამადასტურებელ იურიდიული ძალის მქონე მართვის მოწმობას ენიჭება ქულათა სისტემა. ამ სისტემის მიხედვით საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას ენიჭება 100 ქულა. დარიცხული ქულები ძალაშია მთელი კალენდარული წლის განმავლობაში. მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვარს მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები უქმდება და მართვის მოწმობას ხელახლა ენიჭება 100 ქულა. კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა იწვევს მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შემცირებას ქვემოთ მოცემული დანართის შესაბამისად.

თუ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესაბამისად კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები ისე შემცირდება, რომ მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობა ნულს ან ნულზე ნაკლებ რიცხვს გაუტოლდება, მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები ამოწურულად ჩაითვლება.

მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების ამოწურვა იწვევს ამ მართვის მოწმობის მფლობელი პირისათვის მინიჭებული ყველა კატეგორიის (ქვეკატეგორიის) მართვის უფლების შეწყვეტას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია ელექტრონული ფოსტის ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით მართვის უფლების გაუქმების რისკის შესახებ გააფრთხილოს ის პირი, რომლის მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების რაოდენობა 20 ქულამდე შემცირდება, თუ იგი ფლობს ამ პირის შესახებ შესაბამის საკონტაქტო ინფორმაციას.

სხვა ქვეყნაში გაცემულ მართვის მოწმობას მისი მფლობელის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში პირველად შემოსვლის დღიდან ერთჯერადად ენიჭება 100 ქულა, რომელიც ძალაშია მთელი მიმდინარე წლის განმავლობაში სხვა ქვეყანაში გაცემული მართვის მოწმობის მფლობელი პირის საქართველოში ყოფნის პერიოდში. სხვა ქვეყნაში გაცემულ მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების ამოწურვის შემთხვევაში, აღნიშნული მართვის მოწმობის მფლობელს ეკრძალება საქართველოში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა. ამ შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე მართვის უფლების აღდგენა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით.

ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე არ ვრცელდება მართვის მოწმობისათვის მინიჭებული ქულათა შემცირების წესი. მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა სისტემის ადმინისტრირების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

პირს, რომელსაც მართვის უფლება შეუწყდა ახალი წესით გათვალისწინებული საფუძვლით, მართვის უფლება აღუდგება მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, შესაბამისი მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების შემდეგ. პირს ამ პუნქტის შესაბამისად მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების უფლება წარმოეშობა მართვის უფლების შეწყვეტიდან მხოლოდ 2 თვის შემდეგ. 2016 წლის 1 იანვრამდე ჩამორთმეულ ან შეჩერებულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობას, 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ აღდგენის შემთხვევაში, ენიჭება ამ კანონით გათვალისწინებული 100 ქულა.

“სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის” – ამ ტიპის დარღვევაზე მართვის მოწმობის მფლობელს ქულათა სისტემიდან 20 ქულა მოაკლდება, ხოლო იმავე დარღვევის ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ ჩადენის შემთხვევაში- 30 ქულა.

სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის – ამ დარღვევისთვის მართვის მოწმობას 30 ქულა მოაკლდება.

იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია გზისთვის ვარგისობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გამოცდა) დადგენილი წესით, ან მესაკუთრის ან სხვა მართლზომიერი მფლობელის მიერ სხვა პირისათვის ასეთი სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა, – ამ დარღვევისთვის 15 ქულა.

ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა – 10 ქულა.

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა, – 15 ქულა.

მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა – 5 ქულა.

იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა , რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული (გადაკეთებულია საწვავის ავზი , ძარა , ან დაყენებულია ბუნებრივი აირის სისტემა , ან სხვაგვარადაა შეცვლილი სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია და არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებს ან / და ქარხანა – დამამზადებლის სტანდარტებს ), – 15 ქულა.

სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს იმ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა, რომელი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს, – 15 ქულა.

იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა შეზღუდულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის დარღვევით, – 5 ქულა. ამ დარღვევის მეორედ ჩადენა წლის განმავლობაში – 10 ქულა, ხოლო წლის განმავლობაში მესამედ ჩადენა – 15 ქულა.

ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები , რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების , ტვირთის , გზის , საგზაო თუ სხვა ნაგებობის , აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება , – 20 ქულა.

სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით − 15 ქულა. ამ დარღვევის მეორედ ჩადენა წლის განმავლობაში – 20 ქულა.

ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სპეციალური ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენება, ან ასეთი ხელსაწყოთი აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების შეუფერხებლად გატარების წესების დარღვევა, – 10 ქულა.

იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი, ან რომელიც ახორციელებს ესკორტს, ან რომელსაც მიაცილებენ, – 15 ქულა.

ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – 40 ქულა.

სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის (გარდა იმ პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება) ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, − 15 ქულა.

ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – 35. იმავე დარღვევის განმეორებით ჩადენა წლის განმავლობაში – 30 ქულა.

„B“ კატეგორიის ან „A1“ ან „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე 18 წლამდე ასაკის პირის მიერ მგზავრთა გადაყვანა შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით (მათ შორის, ტაქსით) ან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა – 20 ლარი.

სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე , ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით , ან სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით – 10 ქულა.

სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით, – 20 ქულა.

სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სხვისი ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით, – 40 ქულა.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, – 15 ქულა.

სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, – 25 ქულა.

ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება, – 35 ქულა.

სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით – 10 ქულა.

ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, – 20 ლარი.

ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა , რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება , – 25 ლარი.

ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – 40 ქულა.

მძღოლის მიერ ქვეითთა გადასასვლელის გავლის, საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან გზაზე მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, – 5 ქულა.

სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი, – 10 ქულა.

გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა – 10 ქულა.

სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევით მოძრაობა − 5 ქულა.

მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“) ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა – 10 ქულა.

შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა – 10 ქულა. ამ დარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – 20 ქულა.

ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა – 5 ქულა.

ამ მუხლის მე-6–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა, – 20 ქულა.

ამ მუხლის მე-6, 62 , მე-7, 71 , 72 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – 25 ქულა.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის (გარდა ამ კოდექსის 129 1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წესების დარღვევა, ან არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე – 10 ქულა.

სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევა − 10 ქულა.

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის (გარდა ამ კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წესების დარღვევა – 25 ქულა.

ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – 30 ქულა.

საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევით განხორციელება – 15 ქულა.

გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, რომლის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება 44 ტონას ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას, − 15 ქულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი