ახალი ამბები

უსუფაშვილი: ნუგზარ ბოჭორიშვილი პოლიტდევნილთა სიაში ჩვენი შეფასების გამოც არ მოხვდა

15 დეკემბერი, 2015 • 1803
უსუფაშვილი: ნუგზარ ბოჭორიშვილი პოლიტდევნილთა სიაში ჩვენი შეფასების გამოც არ მოხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ნარკოდანაშანულისთვის ბრალდებული ნუგზარ ბოჭორიშვილი პოლიტპატიმრების სიაში არ მოხვდა, რესპუბლიკური პარტიის შეფასება იყო. უსუფაშვილის განცხადებით, ბოჭორიშვილი, რომლის გვარიც შეწყალების სკანდალს დაუკავშირდა, 2008 წლამდე რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო, თუმცა  არც ერთ ეტაპზე პოლიტდევნილად არ განუხილავთ:

“ამ თემაზე 2011 თუ 2012 წელს პარტიას ოფიციალურად მოგვმართა ქალბატონმა მანანა კობახიძემ, როგორც ბოჭორიშვილის ადვოკატმა, და გვთხოვა მიგვეწოდებინა მისთვის ინფორმაცია, იყო თუ არა ბოჭორიშვილი პარტიის აქტივისტი და ჰქონდა თუ არა ფინანსური კონტრიბუციები… ჩემი ხელმოწერით გაეგზავნა წერილი, რომ ის პარტიის წევრი იყო 2008 წლამდე, საწევროს იხდიდა 2008 წლამდე, სხვა რაიმე განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩეოდა. ერთ-ერთ არჩევნებში ის შტაბს ეხმარებოდა, მაგრამ ისეთ დონეზე, როგორც ყველა სხვა პარტიის წევრი. მეორე ეპიზოდი ბატონ ბოჭორიშვილთან დაკავშირებით უკვე 2012 წლის შემოდგომაზე იყო, როცა პარლამენტი პოლიტიკური ნიშით დევნილი პირების გათავისუფლების საკითხებზე მუშაობდა. მაშინ ბოჭორიშვილის გვარი მოხვდა შესაძლო პოლიტპატიმრების წინასწარ სიაში. როდესაც ჩვენ, რესპუბლიკურ პარტიას ამის თაობაზე გვკითხეს, ჩვენი პასუხი იყო ძალიან მკაფიო: ჩვენ არც ერთ ეტაპზე ბოჭორიშვილი არ განგვიხილავს პოლიტპატიმრად, არ ჩაგვითვლია, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ზომები სახელმწიფოს მხრიდან მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდბეოდა. ამ ჩვენი პასუხის და შეფასების გამოც იგი ამოღებულ იქნა სიის პირველადი ვერსიიდან”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ნუგზარ ბოჭორიშვილის სახელი და ზოგადად “კოკაინის საქმე” შეწყალების სკანდალს გუშინ დაუკავშირდა მას შემდეგ, რაც “კვირის პალიტრამ” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალეკო ელისაშვილი სწორედ ამ საქმეზე საუბრობს. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ, რომელიც ბოჭორიშვილის ყოფილი ადვოკატია, თქვა, რომ ნუგზარ ბოჭორიშვილი რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი