ახალი ამბები

მურუსიძე დარწმუნებულია, რომ საბჭოს მოსამართლე წევრები მხარს უჭერენ, თუმცა კიდევ 3 ხმა სჭირდება

15 დეკემბერი, 2015 • 2274
მურუსიძე დარწმუნებულია, რომ საბჭოს მოსამართლე წევრები მხარს უჭერენ, თუმცა კიდევ 3 ხმა სჭირდება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ საბჭოში დღევანდელი გასაუბრებრების შემდეგ განაცხადა, რომ მოსამართლე წევრების მხარდაჭერაში დარწმუნებულია. თუმცა იმისათვის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნოს, კიდევ 3 ხმა სჭირდება.

კანონმდებლობის თანახმად, საბჭო მოსამართლეს  სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3–ით ირჩევს, რაც 10 ხმას უდრის.

ლევან მურუსიძეს, რომელსაც 2016 წლის აპრილში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10–წლიანი ვადა ეწურება, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობა სურს.

“საბჭოს წევრებს მე ავუხსენი ჩემი დამოკიდებულება კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ ამომწურავი პასუხი გავეცი. დანარჩენი უკვე საბჭოს გადასაწყვეტია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლე წევრების მხარდაჭერა მექნება. რაც შეეხება არამოსამართლე წევრებს, ისინი ალბათ ამ გასაუბრების შემდეგ დაფიქრდებიან, გაანალიზებენ და ვნახოთ რა იქნება,”- განაცხადა ლევან მურუსიძემ გასაუბრების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

არასამთავრობოები მურუსიძის წინააღმდეგ

 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები გასაუბრების პარალელურად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინ აქციას მართავდნენ.

“ეს აქცია არის იუსტიციის საბჭოს წინ იმ მოთხოვნით, რომ მან განახორციელოს ის ფუნქცია, რომელიც უნდა განახორციელოს და დანიშნოს მოსამართლეებად მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ შეუბღალავი რეპუტაცია. ადამიენები, რომლებსაც აქვთ გამოტანილი გირგვლიანის საქმის მსგავსი განაჩენები, ეს ადამიანები ქვეყანას ვერ მოუტანენ მართლმსაჯულებას.  ეს არის სერიოზული პრობლემა, სისტემა არის ფუნდამენტურად შესაცვლელი, მოსამართლეთა შერჩევა–დანიშვნის, იმიტომ, რომ ის ჩვენ ვერ გვიცავს,”– განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს დიურექტორმა, ეკა გიგაურმა კი აღნიშნა, რომ თუკი მიუკერძოებელი პროცესი იქნება და ყველა თავისი საქმიანობის მიხედვით შეფასდება, “მხოლოდ ღირსეულები დარჩებიან სისტემაში”.

გარდა ამისა, საპროტესტო აქციაზე იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, რომელმაც ლევან მურუსიძის მიერ წარსულში განხილული საქმეების შესახებ ისაუბრა:

“ლევან მურუსიძე იყო მოსამართლე, რომელმაც გირგვლიანის საქმეზე ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, იგი იყო მოსამართლე, რომელმაც ნაწამებ გიორგი მიქიაშვილზე 24 საათში რომ უნდა დაენიშნა ექსპერტიზა, 41 დღის დაგვიანებით განიხილა საქმე, ლევან მურუსიძე იყო მოსამართლე, რომელიც ფიგურირებდა სულხან მოლაშვილის საქმეში,”– გაანცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ლევან მურუსიძე იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც, როგორც ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს 2007 წელს სასჯელები შეუმცირდათ.

 

საბჭოს წევრები, რომელთაც უნდა გადაწყვიტონ, დაინიშნება თუ არა მურუსიძე

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, თავად მურუსიძე, რომელიც ამჟამად საბჭოს მდივნის პოზიციას იკავებს, არ მონაწილეობდა არც ერთი კანდიდატის მოსმენაში და ხმის მიცემის პროცესშიც არ მიიღებს მონაწილეობას.

მურუსიძის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ მოსამართლე წევრების მხარდაჭერა ექნება.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 მოსამართლე წევრია. ესენი არიან ლევან მურუსიძე, თამარ ალანია, მერაბ გაბნაშვილი, შოთა გეწაძე, ილონა თოდუა, ზაზა მეიშვილი, პაატა სილაგაძე, ლევან თევზაძე.

გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის პარლამენტის მიერ არჩეული 4 წევრი: ევა გოცირიძე, ვახტანგ თორდია, გოჩა მამულაშვილი და კახა სოფრომაძე.

პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრია ვახტანგ მჭედლიშვილი.

საბჭოს მეთოთხმეტე წევრია საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.

 

ლევან მურუსიძეს კონკურსში განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოში ორ პოზიციაზე- ადმინისტრაციულ საქმეთა პალატასა და სამოქალაქო საქმეთა პალატაში აქვს შეტანილი.

კონკურსი სასამართლოების სისტემაში 61 ადგილზეა გამოცხადებული. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობას 104 კანდიდატი იღებს. საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, დღეს, 15 დეკემბერს საბჭოს წევრები ბოლო 17 კანდიდატს უსმენენ. ჯერ არ არის ცნობილი, თუ როდის გამოქვეყნდება საბოლოო შედეგები.

მასალების გადაბეჭდვის წესი