ახალი ამბები

ევროკომისიამ ვიზის ლიბერალიზაციაზე საქართველოზე დაგეგმილი ანგარიშის გამოქვეყნება გადადო

14 დეკემბერი, 2015 • 1380
ევროკომისიამ ვიზის ლიბერალიზაციაზე საქართველოზე დაგეგმილი ანგარიშის გამოქვეყნება გადადო

საქართველოსა და უკრაინაზე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროგრესის ანგარიშების გამოქვეყნება გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიუსელში მომუშავე რადიო თავისუფალი ევროპის ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი აქვეყნებს.

საქართველოსა და უკრაინის პროგრესზე ევროკომისიის ანგარიშები ხვალ, 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო. თუმცა იოზვიაკის ინფორმაციით, ეს ევროკომისიის სამიტის შემდეგ მოხდება, რომელიც 17-18 დეკემბერსაა დანიშნული. ჯერჯერობით უცნობია რას უკავშირდება რამდენიმე დღით ანგარიშის გადადების ფაქტი.

ინფორმაციას ანგარიშის გამოქვეყნების გადადების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიც ავრცელებს.

ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ საქართველოში ევროკავშირის საელჩოში, სადაც ამბობენ, რომ ცნობას აზუსტებენ. ხვალ, 15 დეკემბერს საელჩოს ღონისძიება აქვს დაგეგმილი, სადაც აპირებს, რომ ჟურნალისტს ანგარიში გააცნონ.

სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოზე ანგარიში პოზიტიურია.

UPDATE:
ღონისძიების გაურკვეველი დროით გადადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამაც დაადასტურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი