ახალი ამბები

ეკა ბესელია და მანანა კობახიძე პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიკითხნენ

14 დეკემბერი, 2015 • 1625
ეკა ბესელია და მანანა კობახიძე პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიკითხნენ

საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში ნეტგაზეთს დაუდასტურეს, რომ ეკა ბესელია და მანანა კობახიძე მოწმის სახით დაიკითხნენ.

საქმე ეხება პროკურატურაში ზეგავლენით ვაჭრობის მუხლით დაწყებულ გამოძიებას. ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ როცა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, მასზე კონკრეტული პატიმრის საქმის განხილვის მოთხოვნით ზეწოლა ხორციელდებოდა.

დღეს საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” ხელმძღვანელმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ დაკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

“არის სქემა, რომელიც ითვალისწინებს დისკრედიტაციას იმ პოლიტიკური ძალის, რომელმაც თავისი საქმიანობა დაიწყო იმით, რომ სამართლიანობის აღდგენისათვის სერიოზული, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მე რამდენადაც ვიცი, უკვე დაიკითხნენ და მრავალსაათიანი დაკითხვა ჩატარებულია,”– განაცხადა ვოლსკიმ.

ეკა ბესელიამ კი აღნიშნა, რომ დეტალებზე საუბარს არ აპირებს და ელისაშვილს მოუწოდა, დოკუმენტები წარმოადგინოს:

“მე არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს იქამდე, ვიდრე პროკურატურა არ დაასრულებს ამ საქმეზე გამოძიებას და ჩვენ მაქსინალურად ვუწყობთ ხელს პროცესს, რომ იყოს სრულიად ობუექტურად, მიუკერძოებლად, და ბოლომდე გამოკვლეული ყველა ფაქტი, ამიტომ დეტალებზე არ ვისაუბრებ დღეს, იმიტომ, რომ ეს დეტალები არის შემადგენელი ნაწილი პროცესის. იმ ადამიანს ჰკითხეთ, ფაქტი წარმოადგინოს, რამე დოკუმნეტი წარმოადგინოს,”– განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება პარლამენტის ვიცე–სპიკერს, მანანა კობახიძემ 13 დეკემბერს განაცხადა, რომ მან შეწყალების კომისიისგან პატიმრების  საქმის შესწავლა და განხილვა ითხოვა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში კობახიძემ თქვა, რომ შესაძლოა, ალეკო ელისაშვილთან ოფიციალური განცხადებების გაგზავნის შემდეგ მოეკითხა, თუ რა ეტაპზე იყო “კოკაინის  საქმის”  განხილვა და ისიც შესაძლოა, რომე ელისაშვილისთვის ეთხოვა, საქმე თაროზე არ შემოედოთ.

ეხებოდა თუ არა მასზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლა “კოკაინის საქმეზე” მსჯავრდებულთა საკითხის შეწყალების კომისიაზე გატანის მოთხოვნას – ელისაშვილი ინფორმაციას “არც უარყოფს, არც ადასტურებს“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი