ახალი ამბები

პროკურატურამ ცესკოს სასწავლო ცენტრში შესაძლო გაფლანგვის საქმეზე გამოძიება დაიწყო

14 დეკემბერი, 2015 • 1805
პროკურატურამ ცესკოს სასწავლო ცენტრში შესაძლო გაფლანგვის საქმეზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ცესკოსთან არსებულ სასწავლო ცენტრში მითვისების ან გაფლანგვის მუხლით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო. როგორც ნეტგაზეთს პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიების დაწყების საფუძველი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2013-2014 წლების დასკვნაა.

ცესკოს ზემოხსენებული სასწავლო ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი ამბობს, რომ პროკურატურიდან წერილი გასულ კვირაში მიიღეს, თუმცა წერილში დაკონკრეტებული არ ყოფილა რა საკითხს შეეხებოდა ძიება და საერთოდ იყო თუ არა გამოძიება დაწყებული:

“ჩვენთვის ტელევიზიიდან გახდა ცნობილი, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე, რომელიც 2013-2014 წლებში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საგრანტო თახნების ხარჯვას შეეხება, პროკურატურაში ძიებაა დაწყებული. უნდა აღინიშნოს, რომ პროკურატურიდან შემოსული წერილით მოთხოვნილია ინფორმაცია არამხოლოდ 2013-2014 წლების, არამედ 2010 წლიდან დღემდე საგრანტო კონკურსების შესახებ… ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია მით უფრო რომ არც წლევანდელი ანგარიში და არც 2010 წლიდან დღემდე აუდიტის ანგარიშები არ შეიცავს დასკვნებს დანაშაულის ნიშნების შესახებ.

ჩვენ ისიც გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2010 წლიდან დღემდე საგრანტო კონკურსებთან დაკავშირებით მხოლოდ 4 კონკურსანტის მიერ იყო შემოტანილი საჩივარი ცესკოში, რომელიც არ იქნა დაკმაყოიფლებული უსაფუძვლობის გამო. არადა, 5 წლის მანძილზე ძალიან ბევრი კონკურსანტი გვყავდა”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ნათია ზაალიშვილი.

სწავლების ცენტრის მიერ 2013-2014 წლებში გაცემულ გრანტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში ცალკე თავი ეთმობა:

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30 პრიმა მუხლის მიხედვით, სწავლების ცენტრი ასრულებს იმ ფონდის ფუნქციებს, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ირიცხება თანხა და რომლის მიზანია პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის განვითარებისა და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით „ფონდში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხის 50% უნდა განაწილდეს პოლიტიკურ პარტიებზე, ხოლო 50% –არასამთავრობო ორგანიზაციებზე“.

აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, 2013 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებზე გაცემული გრანტების საერთო მოცულობამ 1,244.1 ათასი ლარი, ხოლო 2014 წელს 1,511.5 ათასი ლარი შეადგინა.

“სწავლების ცენტრის 2012 წლის 23 ივნისის N55 ბრძანებით დამტკიცებული „საგრანტო კონკურსის დებულების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, საკონკურსო თემატიკას, პროექტის ხანგრძლივობას და პროექტის დაფინანსების ფარგლებს განსაზღვრავდა სწავლების ცენტრი საკონკურსო კომისიასთან შეთანხმებით და მტკიცდებოდა სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით. ცენტრის დირექტორის 2013 წლის 5 თებერვლის N7 ბრძანებით გამოცხადებული საგრანტო კონკურსის თემატიკა განისაზღვრა შემდეგნაირად: „არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტიტუციონალური გაძლიერების ხელშეწყობა სამოქალაქო განათლების სფეროში საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად“. საგრანტო კონკურსის დამატებითი პირობები ითვალისწინებდა კონკურსში მხოლოდ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ორგანიზაციების მონაწილეობას და მათი შესაძლო დაფინანსების ოდენობა მათი მოღვაწეობის წლების პირდაპირპროპორციული იყო. ასე მაგალითად, მაქსიმალური ოდენობის გრანტის (100.0 ათას ლარამდე) მიღების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენდა საარჩევნო და სამოქალაქო განათლების პროექტების განხორციელების არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება. 2013 წელს არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტიტუციონალური გაძლიერების მიზნით 8 სხვადასხვა ორგანიზაციაზე გაცემული გრანტების ოდენობამ 386,5 ათასი ლარი შეადგინა. მათგან ორ ყველაზე დიდი დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციას, კერძოდ, ა(ა)იპ „ახალი თაობა ახალი ინიციატივა“ (2013 წელს მიღებული გრანტის ოდენობა-99,996 ლარი) და ა(ა)იპ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) (2013 წელს მიღებული გრანტის ოდენობა-99,655 ლარი) ამავე მიზნებისათვის 2012 წელსაც ჰქონდათ მიღებული გრანტი, 100.0 ათასი ლარი და 97,780 ლარი შესაბამისად. სასწავლო ცენტრსა და საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, ამ უკანასკნელების მხრიდან არ ითვალისწინებდა მათი ინსტიტუციონალური გაძლიერების შემდეგ სამოქალაქო განათლების სფეროში საქმიანობის განხორციელების ვალდებულებას. ამასთან, სასწავლო ცენტრს არ გააჩნია მათი შემდგომი საქმიანობის მონიტორინგის საკმარისი მექანიზმი”, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მიზნობრივად, ეფექტიანად და დასაბუთებულად იხარჯებოდა საგრანტო თანხები სასწავლო ცენტრიდან, აუდიტის სამსახური განმარტავს:

“საგრანტო კონკურსის დებულების მე-11 მუხლის მიხედვით პროექტზე გაცემული საგრანტო თანხის ხარჯვა უნდა ხდებოდეს საქართველოს კანონმდებლობის დაცვით მიზნობრივად, ეფექტიანად და დასაბუთებულად. აღნიშნული პრინციპების დაცვით პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გაცემული საგრანტო თანხებით შეიძლება დაფინანსდეს: შრომის ანაზღაურება, მგზავრობის ხარჯები (მხოლოდ საქართველოს ფარგლებში), ოფისის ხარჯები (საკანცელარიო, საოფისე ტექნიკა, სასტამბო ხარჯი), წარმომადგენლობითი ხარჯები (კონფერენციების/ შეხვედრების ორგანიზება), შესაბამისი არგუმენტაციის შემთხვევაში აგრეთვე სხვა ხარჯები.

2013-2014 წლებში სწავლების ცენტრის მიერ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის “სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან” გაფორმებულია ხელშეკრულებები, რომლებიც ითვალისწინებდა მხოლოდ გრანტების ხარჯვის სისწორის დადგენას, თუმცა სწავლების ცენტრის მიერ არ იყო კონრეტულად განსაზღვრული შემოწმების მასშტაბი (ჩატარებული ექსპერტიზის სახეობა-ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზა), შესაბამისად ექსპერტიზის დასკვნებში არ არის ასახული ინფორმაცია თანხების მიზნობრივი ხარჯვის შესახებ.

ის ფაქტი, რომ საკმარისად არ ხორციელდება საგრანტო თანხების მიზნობრივად, ეფექტიანად და დასაბუთებული ხარჯვის მონიტორინგი აღნიშნული იყო ცესკოს 2011- 2012 წლების ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშიც. აუდიტის ჯგუფისთვის წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა საკმარის და შესაფერის მტკიცებულებებს, რომ დავრწმუნდეთ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში გრანტის მიმღები ორგანიზაციების მხრიდან საგრანტო თანხების ხარჯვა მოხდა კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, მიზნობრივად, ეფექტიანად და დასაბუთებულად, როგორც ეს მოითხოვებოდა საგრანტო კონკურსის დებულებებით. კერძოდ: ა(ა)იპ „საზოგადოებრივი დამცველთან“ 2014 წლის 11 აპრილს გაფორმებული N3 საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში 28,627 ლარი (გრანტის საკასო ხარჯის 55 პროცენტი) გადარიცხულია სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ანგარიშზე, თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტაციით შეუძლებელია დადგინდეს აღნიშნული თანხის გადარიცხვის საფუძველი და ინსტიტუტის მიერ გაწეული მომსახურება.

ა(ა)იპ „გენდერული კულტურის ცენტრთან“ 2013 წლის 23 ივლისს გაფორმებული N30 საგრანტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2 თვითა და 20 დღით, თუმცა ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი გაწერილია სამ თვეზე. პროექტის ხელმძღვანელის მიერ პროექტის თანამშრომლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადაც განსაზღვრულია სამი თვით, ხელფასის ყოველთვიური ანაზღაურებით. ორგანიზაციის მიერ სწავლების ცენტრისათვის წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით თეატრალური დასის მომსახურების ანაზღაურების მიზნით გახარჯულია 8,400 ლარი (საგრანტო თანხის 28 პროცენტი), თუმცა ვერ იქნა წარმოდგენილი თეატრალურ დასთან ან თეატრალური დასის წევრებთან გაფორმებული ხელშეკრულებები. ამასთან, საბანკო ამონაწერის მიხედვით თანხა გადარიცხულია პროექტის დირექტორის პირად ანგარიშზე. პროექტის ფარგლებში შეძენილია 6,119 ლარის ღირებულების (საგრანტო თანხის 21 პროცენტი) საწვავი. მ.შ. 2,498 ლარის საწვავი შეძენილია პროექტის დამთავრებამდე 15 დღით ადრე. წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ მოიცავს საწვავის გახარჯვასთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას (გავლილი მანძილის აღრიცხვა, გასვლისა და დანიშნულების ადგილები და ა.შ). შესაბამისად, ჩვენ ვერ დავრწმუნდით საწვავის შეძენასა და გამოყენებისას რამდენად იყო დაცული კანონმდებლობის მოთხოვნა საგრანტო თანხების მიზნობრივად და ეფექტიანად ხარჯვასთან დაკავშირებით.

ა(ა)იპ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრთან“ 2013 წლის 23 ივლისის გაფორმებული N25 საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში შეძენილია 5,065 ლარის საოფისე ავეჯი, მ.შ. სამადგილიანი სავარძელი, ერთადგილიანი სავარძელი, ყავის მაგიდა, ორი ცალი პუფი. ასევე, შეძენილია 120.25 ლარის ღირებულების დეკორატიული ნივთები ოფისისათვის. ჩვენ ვერ დავრწმუნდით, თუ რამდენად პროდუქტიული და ეკონომიური იყო მსგავსი მახასიათებლების მქონე აქტივების შესაძენად აღნიშნული ოდენობით ხარჯის გაწევა. ამავე ხელშეკრულების ფარგლებში ოფისის იჯარაზე გახარჯულია 3,630 ლარი, თანაც ოთხთვიანი იჯარის ხელშეკრულება გაფორმებულია 30 სექტემბერს, მაშინ როდესაც საგრანტო ხელშეკრულების დამთავრებამდე დარჩენილი იყო ერთი თვე და 25 დღე.

ა(ა)იპ „ევროკავკასიური თანამშრომლობის ასოციაციასთან“ 2013 წლის 25 ივლისის გაფორმებული N29 საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში შეძენილია 2,350 ლარის ღირებულების ავეჯი და 1,324 ლარის ღირებულების ციფრული კამერა Samsung Galaxy. ჩვენ ვერ დავრწმუნდით მსგავსი ტექნიკური მახასიათებლებისა და ღირებულების ფოტოკამერის შეძენის გადაწყვეტილების დასაბუთებულობაში.

ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან“ 2013 წლის 6 მარტს გაფორმებული N1 საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში საზოგადოების ცენტრალური და რეგიონალური ოფისების იჯარაზე გახარჯულია 21,951 ლარი, მათ კომუნალურ გადასახადებზე 1,316 ლარი. ავტომანქანის სერვისულ მომსახურებაზე 1,798 ლარი. პრომო ვიდეო- კლიპის დამზადებაზე 6,490 ლარი. ასევე, შეძენილია 2,069 ლარის ღირებულების ფოტოაპარატი. ჩვენ ვერ დავრწმუნდით ზემოთ აღნიშნული ოდენობით ადმინისტრაციული ხარჯების გაწევის აუცილებლობაში.

ა(ა)იპ „სამოქალაქო განვითარების ქართულ-ბერძნული ფონდი ,,გორგია- ელადასთან“ 2014 წლის 15 მაისს გაფორმებული N17 საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში პირადი მოხმარებისათვის შეძენილია 478.66 ლარის ღირებულების ჰიგიენის საგნები და პროდუქტები. ასე მაგალითად, ტანის დეზოდორანტი, 1 ბოთლი ზეთი, 3 ცალი გაყინული ქათამი, ერთი ცალი მარგარინი და ა.შ..ასევე აღსანიშნავია, რომ აშშ მოქალაქისაგან 1,700 ლარად შეძენილია მეორადი მოხმარების ვიდეოკამერა.

ა(ა)იპ „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმართველობის რესურს ცენტრთან“ 2014 წლის 15 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში (ხელშეკრულების მოქმედების ვადა ერთი თვე), 2,206 ლარი (საგრანტო თანხის 9.8 %) გახარჯულია კვების პროდუქტების და სამზარეულოს ინვენტარის შესაძენად, ხოლო 2,494 ლარი ((საგრანტო თანხის 11.0 %) საწვავის ტალონების შესაძენად. წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ მოიცავს საწვავის გახარჯვასთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას (განვლილ მანძილის აღრიცხვა, გასვლისა და დანიშნულების ადგილები და ა.შ).

ა(ა)იპ „ბორჯღალთან“ 2014 წლის 11 აპრილს გაფორმებული N1 საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში შეძენილია 2,395 ლარის ღირებულების უკაბელო მიკროფონი და 1,500 ლარის ღირებულების სტუდიური განათება. აღნიშნულის შეძენის აუცილებლობა წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება. წარმოდგენილი დოკუმენტებით ასევე შეუძლებელია დადგინდეს ვინ ისარგებლა 2.0 ათასი ლარის ღირებულების ლანჩისა და 800 ლარის ღამისთევის მომსახურებით.

ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდთან“ 2014 წლის 11 აპრილს გაფორმებული N5 საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კონკურსის „ჩემი ლიდერი ქალები“ გამარჯვებულთა და ლიდერ ქალთა დაჯილდოების ცერემონიალის ჩატარებაზე გახარჯულია 9,718 ლარი ანუ პროექტის საკასო ხარჯის 24 პროცენტი. გარდა ამისა, 4,450 ლარი გახარჯულია ელექტრო ტექნიკის შესაძენად. მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი დოკუმენტებით ჩვენ ვერ დავრწმუნდით ასეთი ხარჯების გაწევის აუცილებლობასა და მიზნობრიობაში.

ა(ა)იპ „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტთან“ 2014 წლის 11 აპრილს გაფორმებული N6 საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში 2,126 ლარი გახარჯულია ოფისის იჯარაზე, 2,300 ლარი ორგანიზაციის მიერ პროექტისფარგლებში სხვადასხვა პირებისათვის გადასაცემი პრიზების (მობილური ტელეფონები) შესაძენად, ხოლო 5,000 ლარი 5 ცალი ფოტო/ვიდეო კამერების შესაძენად. მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი დოკუმენტებით ჩვენ ვერ დავრწმუნდით ასეთი ხარჯების გაწევის აუცილებლობასა და მიზნობრიობაში.

ა(ა)იპ „Post ალიონთან“ 2014 წლის 11 აპრილს გაფორმებული N11 საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში შეძენილია 3,583 ლარის ლარის ღირებულების კომპიუტერი და 3,985 ლარის საწვავის ტალონები. წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ მოიცავს საწვავის გახარჯვასთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას (გავლილ მანძილის აღრიცხვა, გასვლისა და დანიშნულების ადგილები და ა.შ). ჩვენ ვერ დავრწმუნდით აღნიშნული ხარჯების გაწევის აუცილებლობასა და მიზნობრიობაში, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ა(ა)იპ „Post ალიონსა“ და შპს „ჩოხატაურის მაცნეს“ შორის 2014 წლის 11 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით საგრანტო პროექტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაკისრებული ჰქონდა ამ უკანასკნელს. სულ შპს „ჩოხატაურის მაცნეს“ გადაერიცხა 30,789 ლარი, რაც მთლიანი საკასო ხარჯის (48,100 ლარი) 64%-ს შეადგენს”, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

ცესკოსთან არსებული სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ მათ ზემოხსენებული დასკვნა აუდიტის სამსახურში ადმინისტრაციული წესით გასაჩივრებული აქვთ, რომლის განხილვა მიმდინარე წლის 21 დეკემბერს მოხდება. მისივე თქმით, აუდიტის სამსახურს ეს დასკვნა ოფიციალურად პროკურატურისათვის გამოძიების დასწყებად არ გადაუგზავნია. ამ ინფორმაციას აუდიტის სამსახურშიც ადასტურებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი