ახალი ამბებისამართალი

ელისაშვილის მიერ მიცემული ჩვენების შემდეგ “კოკაინის საქმეზე” მსჯავრდებულები დაიკითხნენ

14 დეკემბერი, 2015 • 1605
ელისაშვილის მიერ მიცემული ჩვენების შემდეგ “კოკაინის საქმეზე” მსჯავრდებულები დაიკითხნენ

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ ე.წ. კოკაინის საქამეზე მსჯავრდებულები დაიკითხნენ.

ნეტგაზეთმა მთავარი პროკურატურის პრესსამსახურს მიმართა შეკითხვით, დაიკითხნენ თუ არა შეწყალების კომისიის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეების ჩვენების საფუძველზე ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულები (ანასტასია ზაუტაშვილი, რომან მესუმიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და ელგუჯა გურჩიანი).

“გიდასტურებთ, რომ არიან დაკითხულები,” – განაცხადა პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ მიმდინარე გამოძიების პროცესში ბევრი ადამიანი დაიკითხა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოთხივე მსჯავრდებული დაიკითხა,  ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ გაავრცელა. მან ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ ეს პირები ელისაშვილისა და ქორიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთანმ დაკავშირებით დაკითხეს.

ადვოკატი აცხადებს, რომ სიცრუეა, თითქოს ალეკო ელისაშვილის მიერ დასახელებულ 2 მილიონთან მისი დაცვის ქვეშ მყოფებს არავითარი შეხება არ აქვთ და არავისთვის ეს თანხა არ შეუთავაზებიათ. მან ასევე აღნიშნა, რომ 2 მილიონის საკითხი აქტუალური იყო ჯერ კიდევ ხელისუფლების შეცვლამდე და ეს თემა “კუდ–მა” შეთხზა.

“თვითონ შეთხზეს ეს ორი მილიონი, თუ ვინმე მიეკარებოდა, თუ ვინმეს რამე შეღავათი მოუნდებოდა ამ ხალხისთვის, ყველას სვრიდნენ ამ ორი მილიონის ამბავში,”– განაცხადა ადვოკატმა ნეტგაზეთთან.

 

შეწყალების კომისიაზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლა

 

შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ განცხადება პირველად, საკუთარ ფეისბუკის გვერდზე პირველად 7 დეკემბერს გააკეთა; მას შემდეგ, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭებაზე ისაუბრეს.

ელისაშვილმა შემდეგ განაცხადა,  რომ როცა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, მასზე კონკრეტული პატიმრის საქმის განხილვის მოთხოვნით ზეწოლა ხორციელდებოდა. მისი განცხადებით, პოლიტიკოსები კონკრეტული მსჯავრდებულების საქმის კრიტერიუმების გარეშე განხილვით იყვნენ დაინტერესებული, ამაში კი დიდი თანხები ჰქონდათ აღებული. მან ასევე აღნიშნა, რომ საუბარი იყო წინასწარ აღებულ 200 ათას დოლარზე და დაპირებულ მილიონ ნახევარ დოლარზე.

ელისაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად, პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, მანანა კობახიძემ 13 დეკემბერს განაცხადა, რომ მან შეწყალების კომისიისგან პატიმრების  საქმის შესწავლა და განხილვა ითხოვა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში კობახიძემ თქვა, რომ შესაძლოა, ალეკო ელისაშვილთან ოფიციალური განცხადებების გაგზავნის შემდეგ მოეკითხა, თუ რა ეტაპზე იყო საქმის განხილვა და ისიც შესაძლოა, რომე ელისაშვილისთვის ეთხოვა, საქმე თაროზე არ შემოედოთ.

რაც შეესხება შეწყალების კომისიის ახლანდელ თავმჯდომარეს, ზვიად ქორიძე ამბობდა, რომ არის ცალკეული შეტყობინებები და საუბრები, როდესაც პოლიტიკოსებს ცალკეული მსჯავრდებულების საქმეების განხილვა და დადებითად გადაწყვეტა სურთ.

როგორც ქორიძე, ასევე ელისაშვილი პროკურატურაში უკვე დაიკითხნენ.

პროკურატურამ გამოძება  339–ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო,  რაც გულისხმობს ზეგავლენით ვაჭრობას” პირის მიერ, რომელიც ამტკიცებს ან ადასტურებს, რომ მას შეუძლია არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ იმ პირისაგან, რომელიც მოქმედებს საკუთარი ან სხვა პირის ინტერესებისათვის, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მოთხოვნა ან მიღება, ასევე ასეთის თაობაზე დაპირების ან შეთავაზების მიღება, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა ასეთი ზეგავლენა ან/და მიღებულ იქნა თუ არა ამ ზეგავლენით სასურველი შედეგი”.

 

“კოკაინის საქმე”

 

ე.წ. კოკაინის საქმეზე ანასტასია ზაუტაშვილი, რომან მესუმიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და ელგუჯა გურჩიანი 2010 წელს ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინის ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის, ასევე სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჯგუფურად, შეკვეთით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის 4 ივნისს გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ასახული ანასტასია ზაუტაშვილის შეხვედრა “კილერთან”. შსს-ს ცნობით, რო­მან მუსემიანი კილერს კურიერის მკვლელობას ავალებს, რომელმაც დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ნუგზარ ბოჭორიშვილისგან ფულის გამოძალვა განიზრახა. შსს-ს მიერ გავცელებულ ვიდეოში ასევე ნაჩვენებია ნარკოკარტელის ერთ-ერთი წევრის, მევლუდ სვანიძის მანქანის ჩხრეკის კადრები, საიდანაც სამართალდამცველებმა 180 გრამი კოკაინი ამოიღეს. სვანიძის სახლიდან იქნა აგრეთვე ამოღებული ეზოში ჩამარხული 1 700 000 ევრო.

“კოკაინის საქმეზე” ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვილს, გი­ორ­გი ჩე­ჩე­ლაშ­ვილ­სა და რო­მან მუ­სე­მი­ანს ფო­თის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლომ 30-30 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. მევ­ლუდ სვა­ნი­ძეს სას­ჯე­ლის ზო­მად 24 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თა განე­საზღ­ვ­რა, ხო­ლო თე­ი­მუ­რაზ გა­ვა­შე­ლიშ­ვილს – 16-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა. საბერძნეთში მყოფ ნუგზარ ბოჭორიშვილს კი უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. 2012 წლის ამნისტია საქმეში მონაწილე პირებს სხვადასხვა ფორმით შეეხო და სასჯელი შეუმცირდათ.

კოკაინის საქმის ხელახლა გამოძების მოთხივნით არაერთი აქცია გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი