ახალი ამბები

თურქმანეთში მარგველაშვილმა და ერდოღანმა რეგიონში უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

12 დეკემბერი, 2015 • 3401
თურქმანეთში მარგველაშვილმა და ერდოღანმა რეგიონში უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშხაბადში, თურქმენეთის რესპუბლიკის ნეიტრალიტეტის 20 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ უმაღლესი დონის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანსაც შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა შეხვედრისას ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ჭრილში აქტუალური საკითხები განიხილეს – თემები, რომელიც უკავშირდება ბაქო-თბილისი- ყარსის რკინიგზის პროექტის დაჩქარებას, აღმოსავლეთ – დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის გამტარიანობის ზრდას, კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირების ახალ შესაძლებლობებს.

საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის პრეზიდენტს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გაფართოვდეს თანამშრომლობა, თურქმენეთს, აზერბაიჯანს საქართველოსა და თურქეთსა და ევროკავშირს შორის.

გიორგი მარგველაშვილი და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი

გიორგი მარგველაშვილი და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი

როგორც გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის პრესამსახური იტყობინება, მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თურქეთმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და დაგმო რუსეთის ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმება ცხინვალისა და აფხაზეთის რეჟიმებთან. მათი ინფორმაციით, საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო მხარდაჭერა, რომ თურქეთი, როგორც საქართველოს პარტნიორი და ნატოს წევრი, იქნება საქართველოს ნატოში გაწევრიანების ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი.

მარგველაშვილმა კონფერენციის “ნეიტრალიტეტის პოლიტიკა -საერთაშორისო თანამშრომლობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის” 86 დელეგაციის წარმომადგენელს სიტყვით მიმართა:

“ვამაყობ, რომ საქართველო იყო იმ არსებითი გადაწყვეტილების მიღების პროცესის ნაწილი, რომელმაც განსაზღვრა თურქმენეთის სტრატეგიული და პოლიტიკური მომავალი. 20 წლის წინ გაკეთებულმა გონივრულმა არჩევანმა, მოიტანა ამ ქვეყნის პროგრესი, კეთილდღეობა და განვითარება. დღეისათვის თურქმენეთი წარმოადგენს წარმატებულ ქვეყანას, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობებში მართებული ადგილი უკავია,” – განაცხადა მარგველაშვილმა კონფერენციაზე.

konferenciaa

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, გამოწვევებითა და წინააღმდეგობებით სავსე 2015 წელი დასასრულს უახლოვდება. ომმა სირიაში, ავღანეთში, ტერორისტულმა თავდასხმებმა პარიზში, ეგვიპტეში, თურქეთსა და სხვა მრავალ ქვეყანაში, ასევე რუსეთის აგრესიამ მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ და გადაუჭრელმა კონფლიქტებმა აღმოსავლეთ ევროპაში – მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში, 2016 წლისათვის მნიშვნელოვანი გამოწვევები და საფრთხეები გამოკვეთა.

მისი თქმით, ასეთ მგრძნობიარე და მოწყვლად გარემოში უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას არსებითი მნიშვნელობა აქვს. როგორც საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად განაგრძობს ძალისხმევას გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისათვის:

”აქედან გამომდინარე, მაშინ როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20% და ჩვენი მოსახლეობის 15%-მდე ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირია, ჩვენ კვლავ ვახერხებთ ვიყოთ NATO-ს არაწევრი სახელმწიფოებიდან უდიდესი კონტრიბუტორი ქვეყანა “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში ავღანეთში. ჩვენი საერთო ძალა ინტენსიურ თანამშრომლობაში, პოტენციალში, შესაძლებლობებსა და განვითარებაშია. ეკონომიკის, ინფრასტრუქტურული, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას და შემდგომ განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა ჩვენგანისათვის.”

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს საქართველო სთავაზობს შესაძლებლობებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისათვის. როგორც კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის, საქართველო უზრუნველყოფს შავ ზღვაზე წვდომას ზღვაზე გასასვლელის არმქონე ევრაზიის კონტინენტის 14 სახელმწიფოდან 8 ქვეყნისათვის. ქართული საზღვაო პორტები წარმოადგენენ ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის ერთერთ არსებით დანიშნულების პუნქტს.

”ბათუმის, ფოთისა და ყულევის პორტები სთავაზობენ ფართო მომსახურებას უცხოურ და ადგილობრივ პარტნიორებს. ანაკლიის ღია ზღვის პორტის მშენებლობის პროექტი გაზრდის ევროპასა და აზიას შორის თავისუფალი ვაჭრობის დინების მოცულობას უახლოეს მომავალში; შესაბამისად, ის წვლილს შეიტანს სატრანზიტო და ლოჯისტიკური პოტენციალის შემდგომ განვითარებაში,” – აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებით, კავკასიის რეგიონი არის საკვანძო რეგიონი, ახალი “აბრეშუმის გზის” განვითარებისათვის სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის თვალსაზრისით. მისი შეფასებით, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი”-სა და “ბაქო-თბილისი-ერზერუმ”-ის მილსადენები, TANAP-ის მილსადენი, TAP-ის მილსადენი, ტრანს-კასპიური მილსადენი, შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონს უფრო უსაფრთხოს, მეტად დაცულსა და საიმედოს ხდის და ქმნის შესაძლებლობას, რათა თანამშრომლობისა და უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობების სივრცედ ჩამოყალიბდეს.

konferencia3

”გარწმუნებთ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მის პარტნიორ ქვეყნებსაც. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება ყოველი ჩვენგანისათვის ახალ შესაძლებლობებსა და ახალ პერსპექტივას ხსნის. ეს ხელშეკრულება განსაკუთრებული მნიშვენლობისაა საქართველოს ეკონომიკისათვის და უზრუნველყოფს ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობისა და ეკონომიკური ზრდისათვის. ის წაახალისებს ბიზნეს და საქმიან კონტაქტებს და ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და წაახალისებს ადგილობრივ ინვესტორებს,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, საქართველოს, ერთი მხრივ აქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ხოლო მეორე მხრივ თურქეთთან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან. მეტიც, დღის წესრიგში დგას მოლაპარაკებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

”საქართველო ასევე მხარს უჭერს ახალ ინიციატივებს. “ლაპის ლაზული” მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც მივესალმებით. საქართველო მზადაა წვლილი შეიტანოს მის განხორციელებაში, რაც მისცემს ახალ შესაძლებლობებს სატრანზიტო დერეფანს და მოიტანს მრავალმხრივ ეკონომიკურ სარგებელს რეგიონისათვის და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ ასევე მივესალმებით პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვის იდეას, რათა ჩატარდეს სურსათის უვნებლობის ფორუმი, რომელსაც გლობალური და ჰუმანიტარული მისია ექნება,” – განაცხადა კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა.

Turqmaaa

მისი თქმით, საქართველოს მიზანია ამ ტრანს-რეგიონალური პროექტების შედეგად, ერთმანეთს დავაკავშიროთ ათეულობით ქვეყანა და ათობით მილიონი ხალხი ევროპასა და აზიაში და ამგვარად, გავხდეთ მათი კეთილდღეობის, განვითარებისა და ინტერესის მიზეზი.

”მსურს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ბერდიმუჰამედოვს ასეთი მნიშვნელოვანი კონფერენციის მასპინძლობისათვის; მჯერა, რომ ეს ღონისძიება წვლილს შეიტანს ჩვენი ყველა ქვეყნის მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და შემდგომ განვითარებაში” – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღესვე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან – ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან აშრაფ ღანისთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ლი იუანჩაოსთან და ირანის პირველ ვიცეპრეზიდენტ ეშაკ ჯაჰანგირთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი