ახალი ამბები

“სტერეო პლუსმა” “მაესტრო” ციფრული მაუწყებლობიდან დავალიანების გამო გათიშა

11 დეკემბერი, 2015 • 1426
“სტერეო პლუსმა” “მაესტრო” ციფრული მაუწყებლობიდან დავალიანების გამო გათიშა

“სტერეო პლუსმა”, რომელიც საქართველოში ეროვნულ დონეზე ტელეკომპანიების ციფრულ მაუწყებლობას უზრუნველყოფს, მესამე დღეა “მაესტრო” ქსელიდან გათიშა.

როგორც ნეტგაზეთს “სტერეო პლუსის” წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა განუცხადა, ამის მიზეზია ის, რომ “მაესტროს” დაახლოებით 22000-ლარიანი დავალიანება დაუგროვდა:

“ერთადერთი მიზეზი რითაც მე შემიძლია გავთიშო, არის გადაუხდელობა, ეს არ შეიძლებობა იყოს ცენზურა. თუ ერთი თვე არ გადაიხდის, ამას ვპატიობთ, მაგრამ ყველა ზღვარს გადასდცა უკვე… დაშვებულს კიდევ გადააცილა სამი კვირა. სამჯერ მივწერეთ წერილი და პასუხიც არ გაგვცეს”, – ამბობს ზილფიმიანი.

მაესტროს კონსტულტანტი ტექნიკურ საკითხებში ბაჩო კიკაბიძე ამბობს, რომ ტელეკომპანიას ფინანსური პრობლემები არ აქვს. მისი თქმით, მაესტროში ფიქრობენ იმაზე გააგრძელონ თუ არა “სტერეო პლუსთან” კონტრაქტი, თუ საქართველოს ტერიტორიის ციფრული მაუწყებლობით დასაფარად სხვა, მაგალითად რეგიონალური მულტიფლექსები გამოიყენონ.

“ვფიქრობთ გავაგრძელოთ თუ არა კონტრაქტი. ეს შიდა გადასაწყვეტია”, – ამბობს კიკაბიძე და დასძენს, რომ ეს საკითხი ახალი წლისთვის გადაწყდება.

მთელი საქართველოს მასშტაბით კერძო ტელევიზიების სიგნალის გასავრცელებლად სახელმწიფომ გამოყო 5 ციფრული სიხშირე, რომელთაგან სამი სიხშირის ლიცენზიის მფლობელი კომპანია “სტერეო პლუსია”. საკაბელო ტელევიზიის სივრცეში “მაესტრო” მაუწყებლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი