ახალი ამბები

მეტროსადგურების რეაბილიტაცია და მერიის მიერ დაგეგმილი სხვა მსხვილი პროექტები 2016 წელს

11 დეკემბერი, 2015 • 1568
მეტროსადგურების რეაბილიტაცია და მერიის მიერ დაგეგმილი სხვა მსხვილი პროექტები 2016 წელს

თბილისის მერიის ცნობით, მერია 2016 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტის მიხედვით, რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

კერძოდ, ოფიციალური ინფორმაციით, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიცაა:

1. ხიდების და გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია – 17 მლნ. 800 ათასი ლარი, მათ შორის, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენითი სამუშაოები და კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მოწყობა;

2. 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა – 7 მლნ. 800 ათასი ლარი;

3. ქალაქის განვითარების პროგრამის ფარგლებში – 42 მლნ ლარი, მათ შორის, გათვალისწინებულია მარჯანიშვილის მეტროდან ზაარბრუკენის მოედნამდე ტერიტორიის განვითარება და შენობების რეაბილიტაცია – 19 მლნ ლარი; გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ კონსერვაციის გეგმის ფარგლებში, აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 7 მლნ. 700 ათასი ლარი;

4. 7 მეტროს სადგურის – ვაგზლის მოედანი-1, მარჯანიშვილი, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი, ავლაბარი, ვარკეთილი და ახმეტელის თეატრი კაპიტალური რეაბილიტაცია – 7 მლნ ლარი;

5. ახალი რაგბის მოედნის მშენებლობა – 6,0 მლნ ლარი, რომელიც რაგბისტების ახალი თაობების აღზრდას მოემსახურება და უმასპინძლებს 2017 წლის რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს;

6. ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა – 3 მლნ ლარი;

7. ვაკის პარკისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მოწყობა – 1მლნ. 100 ათასი ლარი;

“გარდა ამისა, ქალაქისათვის ორი უმნიშვნელოვანესი სფეროსათვის განხორციელდება თანხების მოძიება დონორი და საფინანსო ინსტიტუტებიდან. 2016 წლის განმავლობაში დაგეგმილია საქალაქო ავტობუსების პარკის განახლება 150 ერთეულით. ასევე, დაგეგმილია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი
პოლიგონის პირველი და მეორე უჯრედის დახურვისა და გაზშემკრები მილების მშენებლობისათვის 9 მლნ. 600 ათასი ლარისა და ახალი მე-3 უჯრედის მშენებლობისათვის 13 მლნ. 400 ათასი ლარის მოზიდვა. ამასთან, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მუნიციპალური ავტობუსების პარკის მშენებლობისთვის დამატებითი თანხების მოძიებასთან დაკავშირებით, რომლისთვისაც საჭიროა 19 მლნ ლარი”, – წერია მერიის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი