ახალი ამბები

„ქართული პარტია“: „სასოწარკვეთილი ქალის წყევლაზე ჩვენ კომენტარს არ გავაკეთებთ“

27 დეკემბერი, 2010 • 1012
„ქართული პარტია“: „სასოწარკვეთილი ქალის წყევლაზე ჩვენ კომენტარს არ გავაკეთებთ“

სოფიო ხორგუანმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა და „ქართულ პარტიაში“ გადავიდა.

ამის შესახებ დღეს „ქართული პარტიის“ ოფისში გამართულ  სპეციალურ ბრიფინგზე  გახდა ცნობილი, რომელზეც სოზარ სუბარმა საზოგადოებას სოფო ხორგუანი წარუდგინა.

სოზარ სუბარმა პარტიის ახალი წევრი მედიას გააცნო როგორც მეგობარი, რომელიც წლების განმავლობაში მასთან ერთად სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა.

სოფიო ხორგუანმა  “ქართულ პარტიაში” გაწევრიანების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სოზარ სუბარის ძმა დააკავეს.

“ჩემი ეს ნაბიჯი არის პროტესტი ხელისუფლების მიმართ, პოლიტიკური დევნის გამო“ – განაცხადა მან.

ხორგუანის განცხადებით, „ქართულ პარტიაში“  გადასვლით სოზარ სუბარს  თანადგომას უცხადებს.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება, ასევე, “ქართული პარტიის” წინააღმდეგ ბოლო პერიოდში მიმართული კამპანიის პროტესტია.

ხორგუანმა მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც „რესპუბლიკურ პარტიაში“ საქმიანობდა და იმედი გამოთქვა, რომ მათთან ურთიერთთანამშრომლობას გააგრძელებს.

აგრეთვე, დღევანდელ სპეციალურ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა კოკა გუნცაძემ კომენტარი გააკეთა ნინო ბურჯანაძის გუშინდელ განცხადებებთან დაკავშირებით.

კოკა გუნცაძის თქმით, უკვე ორი კვირაა, ბურჯანაძე-ბიწაძის ოჯახური ტანდემი მედიაში ჭორაობის მეტს არაფერს აკეთებს და ლევან გაჩეჩილაძის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების დამადასტურებელი მასალის საზოგადოებისთვის წარდგენას ვერ ახერხებს.

„ლევან გაჩეჩილაძე თავად გასცემს მათ საკადრის პასუხს. სასოწარკვეთილი ქალის წყევლაზე ჩვენ კომენტარს არ გავაკეთებთ“, – ასე შეაფასა დღევანდელ ბრიფინგზე კოკა გუნცაძემ  „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის მიერ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გაკეთებული განცხადებები.

„ქართულ პარტიაში“ განაცხადეს, რომ ამ თემაზე მეტი კომენტარი აღარ გაკეთდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი