ახალი ამბები

შეწყალების კომისიაზე შესაძლო ზეწოლის საქმეზე პროკურატურას ჩვენება ზვიად ქორიძემ მისცა

9 დეკემბერი, 2015 • 1456
შეწყალების კომისიაზე შესაძლო ზეწოლის საქმეზე პროკურატურას ჩვენება ზვიად ქორიძემ მისცა

მთავარ პროკურატურაში შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის რამდენიმესაათიანი დაკითხვა დასრულდა. როგორც ქორიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, გამოძიების შეკითხვები შეეხებოდა შეწყალების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის, ალეკო ელისაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ამ საკითხზე მის მიერ გაკეთებულ კომენტარებს.

“ეს საგამოძიებო მოქმედება დაიწყო მას შემდეგ, რაც კონკრეტული ფაქტი ახსენა შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და განმარტა, რომ მას ამის თაობაზე თავის დროზე საუბარი ჰქონდა მთავარ პროკურორთანაც, რომელსაც დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია. ამას მოჰყვა ჩემი რეპლიკა, რომ ჩემთვის ნაცნობია ის საქმე, რაზეც ალეკო ელისაშვილი საუბრობს და შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ არაჯანსაღი ინტერესი მერეც გრძელდებოდა, როცა უკვე მე ვიყავი კომისიის თავმჯდომარე… მართალია, არა იმ ფორმით, როგორც ალეკოს [ელისაშვილი] დროს, მაგრამ პერმანენტულად ვხედავდით, თუ როგორ იყო კონკრეტული საუბრები ამ თემაზე, ზედმეტი ინტერესი, როგორ იყო შეწყალების მექანიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ცალკეული მეთოდებით და ეს ყველაფერი უკავშირდებოდა ამ საქმეებს”, – ამბობს ქორიძე, რომელიც დასძენს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე მედიასთან ვერ საუბრობს.

ნეტგაზეთის კითხვას, აფასებს თუ არა  ამ ყველაფერს ზეწოლად, შეწყალების კომისიის თავმდჯომარე პასუხობს:

“როდესაც ინტერესი გამოძრავებს, რომ მიაღწიო კონკრეტულად ერთი ადამიანის შეწყალებას და ამისათვის მზად ხარ ისე წარმართო პროცესი, რომ გამოძრავებდეს შეწყალების მექანიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი დისკრედიტირების მოტივაცია, მიმაჩნია, რომ, რა თქმა უნდა, ეს არის ზეწოლა”.

კითხვას, იყენებდნენ თუ არა დაინტერესებული პირები თავიანთ სტატუსს, ქორიძე პასუხობს:

“იყენებდნენ სტატუსს, იყენებდნენ მათთან დაახლოებულ პირებს, რომლებსაც რთავდნენ ამ პროცესში და ეს იყო ერთიანი ჯაჭვი”.

ზვიად ქორიძის თქმით, ალეკო ელისაშვილისაგან იყო ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ ზემოხსენებული ფაქტის შესახებ მან თავის დროზე ინფორმაცია მთავარ პროკურორს მიაწოდა. მისი თქმით, უკვე მას შემდეგ, რაც შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ელისაშვილი მან შეცვალა, პროკურატურა ამ ფაქტით არ დაინტერესებულა.

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ როცა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, მასზე კონკრეტული პატიმრის საქმის განხილვის მოთხოვნით ზეწოლა ხორციელდებოდა. მისი განცხადებით, პოლიტიკოსები კონკრეტული მსჯავრდებულების საქმის კრიტერიუმების გარეშე განხილვით იყვნენ დაინტერესებული, ამაში კი დიდი თანხები ჰქონდათ აღებული.

ზვიად ქორიძემ კი კურიერთან საუბრისას განაცხადა, რომ არის ცალკეული შეტყობინებები და საუბრები, როდესაც პოლიტიკოსებს ცალკეული მსჯავრდებულების საქმეების განხილვა და დადებითად გადაწყვეტა სურთ.

“ასეთი მოძალებული ინტერესი პოლიტიკოსების მხრიდან, ასეთი მოძალებული ინტერესი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მე მიამჩნია სარისკოდ და მეტიც, საეჭვოდ,”– განაცხადა ზვიად ქორიძემ “კურიერთან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი