ახალი ამბები

ხიდაშელის თქმით, ელისაშვილთან საუბარი ჰქონდა, თუმცა არა შეწყალების კომისიის, არამედ ამნისტიის საკითხზე

9 დეკემბერი, 2015 • 1755
ხიდაშელის თქმით, ელისაშვილთან საუბარი ჰქონდა, თუმცა არა შეწყალების კომისიის, არამედ ამნისტიის საკითხზე

“მე ამ თემებზე ალეკოსთან ურთიერთობა არ მქონია 2012 წლის შემდეგ. ერთხელ ვისაუბრეთ, როდესაც საუბარი იყო ამნისტიის გამოცხადებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ. მას ჰქონდა მოსაზრებები. ჩემთან საუბარში ის მოსაზრებებს არ გასცდენია”, – ასე პასუხობს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საკრებულოს წევრ ალეკო ელისაშვილის მიერ შეწყალების კომისიაზე ზეწოლის საკითხზე გაკეთებულ განცხადებას.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ როდესაც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, მასზე კონკრეტული პატიმრის საქმის განხილვის მოთხოვნით ზეწოლა ხორციელდებოდა. მისი განცხადებით, პოლიტიკოსები კონკრეტული მსჯავრდებულების საქმის კრიტერიუმების გარეშე განხილვით იყვნენ დაინტერესებული, ამაში კი დიდი თანხები ჰქონდათ აღებული. ელისაშვილის თქმით, მას ასევე აქვს საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ ამნისტიის დროს ვიღაცებმა ფული იშოვეს.

შეწყალების კომისიის ახლანდელმა თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ კი გუშინ, 8 დეკემბერს, კურიერთან საუბრისას განაცხადა, რომ არის ცალკეული შეტყობინებები და საუბრები, როდესაც პოლიტიკოსებს ცალკეული მსჯავრდებულების საქმეების განხილვა და დადებითად გადაწყვეტა სურთ.

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ამ ფაქტების შესახებ მან დაახლოებით 1 წლის წინ აცნობა როგორც მაშინდელ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს, ასევე მის მოადგილეს, გიორგი გოგაძესაც. პროკურორის მოადგილემ ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ ელისაშვილს მასთან შეწყალების კომისიაზე არ უსაუბრია. ელისაშვილის თქმით, მან ზემოხსენებული საკითხის შესახებ ინფორმაცია თავის დროზე თინა ხიდაშელსა და დავით უსუფაშვილსაც მიაწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი