ახალი ამბები

სასამართლო: მოსამართლე კოჭლამაზაშვილზე მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების განცხადებები ცილისწამებაა

9 დეკემბერი, 2015 • 1373
სასამართლო: მოსამართლე კოჭლამაზაშვილზე მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების განცხადებები ცილისწამებაა

სასამართლო კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების განცხადებებს საქმის განმხილველი მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის მიერ იპოთეკური სესხის დაფარვასთან დაკავშრებით ცილისწამებად აფასებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ხვალ, 10 დეკემბერს, 12:00-ზე საქალაქო სასამართლოში ბრიფინგი იგეგმება.

საქმეზე მსჯავრდებულების, გიორგი ცააძისა და ირაკლი ფირცხალავას ოჯახის წევრები განცხადებით, საეჭვოა ის გარემოება, რომ კოჭლამაზიშვილმა იპოთეკური სეხსი წინსწრებით დაფარა. ისინი ამ ფაქტს მათი ოჯახის წევრების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას უკავშირებენ.

“აქვს აღებული დიდი ოდენობით თანხა, აქ არის 10 ათასობით დოლარზე საუბარი, ორი იპოთეკური სესხი ჰქონდა და გუშინ ზუსტად მოხდა ამ სესხების დაფარვა წინმსწრებად,”– ამბობს ირინა ცააძე.

ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი კი აცხადებს, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს:

“როგორც ჩენს, მოსამართლე დაჰყვა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, დაემორჩილა და როგორც ეჭვები არსებობს, სხვა გარემოებებზე ყოფილა თურმე გადაწყვეტილება მინდობილი”.

ადვოკატის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ყველა ის მტკიცებულება მოიპოვონ, რაც უკანონო განაჩენის გამოტანის მიზეზი გახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით კი, მოსამართლესთან კომუნიკაციისას დაზუსტდა, რომ მან ბოლო ერთი წლის სასესხო დავალიანება წინსწრებით დაფარა და თანხის ოდენობა ბევრად ნაკლებია მოსამართლის შემოსავლის წლიურ ოდენობაზე. გარდა ამისა, სასამართლო აცხადებს, რომ არასწორია ინფორმაცია სხვა სესხის არსებობის თაობაზე.

“გავრცელებული ინფორმაციის შინაარსი მოკლებულია ყოველგვარ საღ აზრს, უფრო მეტიც მათი განცხადებები წარმოადგენს ცილისწამებას და მხოლოდ პირადი ეჭვები და ვარაუდები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს რაიმე სახის დისციპლინარულ თუ სისხლისსამართლებრივ წარმოებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს მოსამართლისა და სასამართლო სისტემის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობას.

საქმის არსებითი განხილვისას, მხარეებს არ ჰქონიათ არცერთი სამართლებრივი შენიშვნა სხდომის თავმჯდომარის მიმართ. მას შემდეგ, რაც საქმეში ჩაერთო ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი (2015 წ. 23 ნოემბერი), ვრცელდება საქმესთან დაკავშირებით ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული და დაუსაბუთებელი განცხადებები, რაც ემსახურება არასწორი აზრის ჩამოყალიბებას მოსამართლესა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. უფლებადამცველი, რომელიც საქმეში სულ ორი კვირაა ჩაერთო  სამართლებრივი დასაბუთების ნაცვლად, ცილისმწამებლური განცხადებებით შემოიფარგლება,”–ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ცააძეს და ირაკლი ფირცხალავას 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, კახაბერ ნაკანს- 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ლევან ბეროძეს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, გრიგოლ კვინიკაძეს კი დაუსწრებლად – 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი