ახალი ამბები

“საზოგადოებრივ მაუწყებელთან” აქცია დასრულდა

23 დეკემბერი, 2010 • 930
“საზოგადოებრივ მაუწყებელთან” აქცია დასრულდა

„საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია ამ წუთებში დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა ანთებული სანთლების ფონზე შეძახილებით მიმართეს გადაცემა „დიალოგის“ ავტორსა და წამყვანს, ჟურნალისტ დავით პაიჭაძეს, აღარ გაბედოს სატელევიზიო ეთერში საპატრიარქოს გალანძღვა. ისინი  ტელევიზიის ხელმძღვანელობისგან „დიალოგის“ დახურვასაც მოითხოვდნენ.

აქციის მიუხედავად, გადაცემა „დიალოგი“ დღეს ეთერში ტრადიციულ დროს – 22:00 საათზე დაიწყო.  გადაცემის თემა აქცია არ გამხდარა, ამ წუთებში „დიალოგის“ ეთერში მიწვეული სტუმრები მსჯელობენ თემაზე – „2010 წლის გმირები და ანტიგმირები“.

დღევანდელი აქცია  არასამთავრობო ორგანიზაცია „მამული, ენა, სარწმუნოების“ ერთ–ერთი დამფუძნებლის ლადო სადღობელაშვილის ორგანიზებით გაიმართა. აქციაში 25–მდე ადამიანი მონაწილეობდა.

“გაკვირვებულები ვართ, რომ აქციაში არ შემოგვიერთდა ყველა მართლმადიდებელი” – აცხადებდნენ აქციის მონაწილენი.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად სანთლები აანთეს და სხვადასხვა  შეძახილებით გააპროტესტეს ჟურნალისტ დავით პაიჭაძის გადაცემა „დიალოგის“ ეთერში გასვლა.

საპროტესო აქციის მიზეზი „დიალოგის“ 16 დეკემბრის გამოშვება გახდა, რომელიც საპატრიარქოში არსებულ პრობლემებს შეეხებოდა.

“გადმოიხედე ფანჯრიდან, იქნებ ამ სანთლებმა სული გაგინათოს!” – ამ შეძახილებით აქციის მონაწილეები ჟურნალისტ დავით პაიჭაძეს მიმართავდნენ.

პირველი საპროტესო აქცია პაიჭაძის გადაცემა “დიალოგთან” დაკავშირებით  20 დეკემბერს გაიმართა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია “მამული, ენა, სარწმუნოებისა” და მოძრაობა “არა” -ს წარმომადგენლებმა  „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელობისგან გადაცემის დახურვა მოითხოვეს. იმავე დღეს სადღობელაშვილმა განაცხადა, რომ თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდებოდა, ხუთშაბათს, ანუ დღეს, 22:00 საათზე, “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” არასამთავრობოები 300-კაციან აქციას მოაწყობდნენ და გადაცემის წამყვანს ტელევიზიაში არ შეუშვებდნენ.

დღევანდელ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ: „ენა, მამული, სარწმუნოების“, მოძრაობა „არას“, ორგანიზაციის „სოლიდარობა პოლიტპატიმრებს“ და დევნილთა ორგანიზაციის წარმომადგენლები. აქციაზე მივიდა “ქრისტიან–დენოკრატიული მოძრაობის” ორი წარმომადგენელიც, თუმცა მათ აღნიშნეს, რომ აქციაში ინდივიდუალურად მონაწილეობდნენ და არა პარტიის სახელით. 

ლადო სადღობელაშვილის თქმით, საპატრიარქოს თხოვნით, დღეს ტელევიზიასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი