ახალი ამბები

რუსუდან გოცირიძე: რომ ვხედავთ, როგორი წევრები არიან პარლამენტში, ნებისმიერი ინიციატივის მეშინია

9 დეკემბერი, 2015 • 1512
რუსუდან გოცირიძე: რომ ვხედავთ, როგორი წევრები არიან პარლამენტში, ნებისმიერი ინიციატივის მეშინია

ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ  გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, რომ სახელმწიფოს ბედი იმ ადამიანების ხელშია, რომელთაც არ იციან, რა საფრთხეებს ატარებს თეოკრატია.

“ბოლო ორმა დღემ აჩვენა, ფაქტობრივად, რომ ჩვენი ბედი არის ისეთი ადამიანების ხელში, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, როგორი სახელმწიფო ჩავაბარეთ ჩვენ, მოქალაქეებმა და როგორი დაკვეთა აქვთ ამ ადამიანებს და რა უნდა აკეთონ. არა აქვთ წარმოდგენა ისეთ პრინციპებზე, თუ რა არის სეკულარული სახლემწიფო, რა არის თეოკრატია და რა საშიშროებებს ატარებს თეოკრატია. თუ ეკლესიის მოძულეობაზეა საუბარი, ალბათ თუკი რამით შეუძლია ეკლესია დააზიანოს სახელმწიფომ,  ეს არის სახელმწიფოსთან მისი გადაჯაჭვა და განსაკუთრებით- ფინანსური, ძალაუფლებრივი გადაჯაჭვა,”- აღნიშნა მან.

მისივე განცხადებით, ეკლესიის ისტორია აჩვენებს, რომ ყველა ის დიდი განხეთქილება, რაც  მოხდა, იყო ძალაუფლების გადანაწილების პოლიტიკა

“რომ ვხედავთ, როგორი პარლამენტარები გვისხედან იმ პარლამენტში, მე მეშინია ნებისმიერი ინიციატივის. აქამდე ვლაპარაკობდით, რომ ზოგიერით პარლამენტარი აგერ უკვე მეოთხე მოწვევის პარლამენტარია და მისი გვარიც არ ვიცოდით, სანამ რაღაც უცნაურ სკანდალში არ გაეხვა. ხანდახან ისეთი განცდა მიჩნდება, ისეთი ინიციატივებით შემოდიან პარლამენტარები პარლამენტში, რომ ნეტავ ჩუმად იყვნენ, აიღონ ის ხელფასი და ისეთი უცნაური ინიციატივით არ შემოვიდნენ, რომელიც შეიძლება მერე, ემოციურ ფონზე და იმ აბსოლუტურად გაუაზრებელ ფონზე, რომ რას აკეთებენ იქ, რა პასუხისმგებლობა აკისრიათ, შეიძლება საერთოდ ჩიხში მოაქციონ სახელმწიფო,”- განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.

5 დეკემბერს ილია მეორემ განაცხადა, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს პატიმრის შეწყალების უფლება. ამ ინიციატივასთან დაკავშირებით პრემიერი–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ  მიმართავს პრეზიდენტსა და პარლამენტს შესაბამისი იდეის განხილვის თხოვნით. მოგვიანებით, განმარტება გააკეთა თავად საპატრიარქომ, სადაც აღნიშნული იყო, რომ პატრიარქის განცხადება იყო პატიმრებისადმი სოლიდარობის სურვილი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი