ახალი ამბები

თავისუფალი დემოკრატები თბილისში არსებული პრობლემების ნუსხას მერიას გადასცემენ

7 დეკემბერი, 2015 • 1325
თავისუფალი დემოკრატები თბილისში არსებული პრობლემების ნუსხას მერიას გადასცემენ

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თბილისის მერიას მიაწოდებენ ინფორმაციას მოსახლეობის პრობლემების შესახებ. პარტიის ლიდერის თქმით, მათ კონკრეტული პრობლემების შესახებ ინფორმაცია თავად მოიძიეს.

ბრიფინგს თავისუფალი დემოკრატების ოფისში მოსახლეობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ირაკლი ალასანიას ბრიფინგი

ირაკლი ალასანიას ბრიფინგი. ფოტო – თავისუფალი დემოკრატები.

ირაკლი ალასანაის განცხადებით, ხელისუფლებაში მყოფებს არ აქვთ პასუხისმგებლობის განცდა საკუთარი ამომრჩევლების მიმართ და გაწყვეტილია  კონტაქტი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.  მისივე განცხადებით, სურთ, რომ ამ პროექტით სწორედ ეს კავშირი აღადგინონ ხალხსა და ხელისუფლებას შორის.

ალასანიამ აღნიშნა, რომ თბილისის მერიისთვის პრობლემების ნუსხის მიწოდების პარალელურად იგეგმება მათი გადაჭრის პროცესის მონიტორინგიც:

“ჩვენ გვაქვს დამუშავებული ეს პრობლემები. ჩვენს რეგიონალურ ოფისებს თითოეული პრობლემის მოგვარებაზე საკუთარი ძალისხმევა აქვს უკვე გადართული. მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენი ძალისხმევა საკმარისი არ იქნება დღეს. სწორედ ამიტომაც, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ იქნება აუცილებელი, პრობლემები გადავცეთ და მივმართოთ დედაქალაქის მერიას. მინდა ძალიან ნათლად და ცხადად ვთქვა: ეს არ იქნება ერთჯერადი აქტი. ჩვენ ამ პრობლემებს გადავცემთ, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს და საზოგადოებას მედიის საშუალებით ჩავაბარებთ ანგარიშს, თუ რა გაკეთდა ამ შერჩეული პრობლემური საქმეებიდან. თუ რამე რეალური, ხელშესახები გააკეთა მერიის წარმომადგენელმა, ჩვენი ვიქნებით პირველი, ვინც მადლობას გადავუხდით მათ,”– აღნიშნა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა.

ალასანიამ ისაუბრა იმ კონკრეტულ პრობლემებზე, რომლის შესახებ ინფორმაციაც, მისი თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრის შედეგად მიიღეს.

კერძოდ, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ახალგაზრდა დედას არ აქვს საშუალება, რომ მედიკამენტებით უზრუნველყოს თავისი შვილი, რომელსაც ცერებრალური დამბლა აქვს. მისი განცხადებით, ის სოციალურად დაუცველია, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურებისთვის მიმართვის შედეგად კი პასუხი ვერ მიიღო.

გარდა ამისა, მისი თქმით, თბილისში ზოგიერთი კორპუსი ავარიულ მდგომარეობაშია და მოსახლეობის ევაკუაცია არის საჭირო.

“მე თვითონ ვიყავი გაკვირვებული, როდესაც მთხოვეს მისვლა იმ სამ კორპუსთან. ეს არის მეოთხე მიკრორაიონის 1–ლი, 5ა და მე3 კორპუსები.  პრაქტიკულად, უკვე წლებია, აქ გრუნტის წყლები დგება და ეს სამივე მაღალსართულიანი კორპუსი არის საფრთხის ქვეშ. უკვე 1 კორპუსი გადახრილია, სათამაშო მოედანი უკვე წაღებულია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ერთ–ერთ კორპუსში ცხოვრობს დღევანდელი თბილისის მერის მოადგილეც და, სამწუხაროდ, მანაც კი ვერ მიიტანა გულთან ახლოს ეს სატკივარი და ვერ მოახდინა რეაგირება მერიის მხრიდან ამ პრობლემების მოგვარებაზე,”– განაცხადა მან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი