ახალი ამბები

პრეზიდენტი ილია მეორეზე: პოლიტიკოსების ვალია, მოვუფრთხილდეთ ამ უმნიშვნელოვანეს ადამიანს

7 დეკემბერი, 2015 • 1151
პრეზიდენტი ილია მეორეზე: პოლიტიკოსების ვალია, მოვუფრთხილდეთ ამ უმნიშვნელოვანეს ადამიანს

დღეს, 7 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.

”გვქონდა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გამომეხატა სიყვარული და პატივისცემა ჩვენი პატრიარქის მიმართ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ყველას, განსაკუთრებით პოლიტიკოსების, ვალია, რომ მოვუფრთხილდეთ ამ უმნიშვნელოვანეს ადამიანს ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

საქართველოს პრეზიდენტი არ გამოხმაურებია ილია მეორის 5 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას, რომ მასაც უნდა ჰქონდეს პატიმრების შეწყალების უფლება. პატიმრების შეწყალების უფლება საქართველოს კანომდებლობის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტს აქვს, რომელსაც რეკომენდაციას შეწყალების სახელმწიფო კომისია უწევს.

ილია მეორის განცხადებას გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი და მიმართა პარლამენტს, რომ ამ საკიტხზე ემსჯელათ. ილია მეორის განცხადებას მოჰყვა დადებითი შეფასებები პარლამენტართა ნაწილის მხრიდან. თუმცა, მოგვიანებით საპატრიარქომ განაცხადა, რომ ილია მეორის ეს განცხადება არა საკანონმდებლო ცვლილების დაწყებას, არამედ პატიმრების სოლიდარობას ისახავდა მიზნად.

მასალების გადაბეჭდვის წესი