ახალი ამბებიეკონომიკა

საგურამოში 4,4 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობა დაიწყო

7 დეკემბერი, 2015 • 1147
საგურამოში 4,4 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, დღეს, 7 დეკემბერს საგურამოში 4,4 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობა დაიწყო, რომლის მოხმარებული სუფთა წყალი გადამუშავების შემდეგ მომავალში თბილისის წყალმომარაგებას მოხმარდება.

სამინისტროს ცნობით, „საგურამოს“ ჰიდროელექტროსადგურის წლიური გამომუშავება კი 32 მლნ.კვტსთია. „საგურამოჰესის“  ექსპლუატაციაში გაშვება 2016 წლის ბოლოსათვის იგეგმება და  მასში კომპანია  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 10,5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

მომავალში შესაძლებელია ჰესში გატარებული სუფთა წყლის გადამუშავება და თბილისის წყალმომარაგებისთვის გამოყენება, აცხადებს სამინისტრო.

“მისასალმებელია ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გააქტიურდა ადგილობრივი ბიზნესი ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელების მიმართულებით. ეს, რა თქმა უნდა, გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ გავამარტივეთ გარკვეული რეგულაციები, შევამსუბუქეთ, უფრო მარტივი გავხადეთ ინვესტიციების განხორციელება. საამაყოა ის, რომ გარდა უცხოელი ინვესტორებისა, რომელთაც ძალიან დიდი ინტერესები აქვთ ამ დარგში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით, აქტიურად არიან ჩართული ქართველი ბიზნესმენებიც. ახალი ტექნოლოგიური აღჭურვით, ეკოლოგიურად უნაკლო ჰესის აქ აშენება არის ერთგვარი დასტური იმ დიდი იდეებისა და სწრაფვებისა, რაზეც ბოლო ორი საუკუნეა ჩვენი ქვეყნის პროგრესულად მოაზროვნე საზოგადო მოღვაწეები ოცნებობდნენ,” – განაცხადა კახა კალაძემ ჰიდროელექტროსადგურის მშენებელობის გახსნისას.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიას უკვე მიღებული აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ნებართვა და დაწყებულია მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები – სამანქანო დარბაზის მშენებლობა და სადაწნეო და გამყვანი მილსადენების მონტაჟი.

ჰიდროელექტროსადგურისათვის ტურბინას, გენერატორს და დამხმარე მოწყობილობებს  ავსტრიული კომპანია ANDRITZ HYDRO SAS დამზადებს.  

ენერგეტიკის სამინისტროს მოლოდინით, ჰესი მთელი წლის განმავლობაში თანაბარი სიმძლავრით იმუშავებს და შესაძლებელი გახდება ზამთრის დეფიციტის შემცირება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი