ახალი ამბები

EMC: პატრიარქისთვის შეწყალების უფლების გადაცემა თეოკრატიის ნიშნებს გააფორმებს

6 დეკემბერი, 2015 • 1430
EMC: პატრიარქისთვის შეწყალების უფლების გადაცემა თეოკრატიის ნიშნებს გააფორმებს

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” პატრიარქისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების კონსტიტუციური კომპეტენციის გადაცემის ინიციატივასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პატრიარქის საჯარო განცხადებებს ეხმიანება და მას სეკულარული სახელმწიფოს კონსტიტუციური და პოლიტიკური პრინციპის უგულებელყოფად აფასებს.

“მსჯავარდებული პირების შეწყალება პოლიტიკური ხელისუფლების სუვერენული უფლებაა და აღნიშნულ ზესამართლებრივ კომპეტენციას მხოლოდ ქვეყნის მეთაური ფლობს. პატრიარქისთვის აღნიშნული ექსკლუზიური, კონსტიტუციური უფლებამოსილების გადაცემა არსებულ კონსტიტუციურ წესრიგს ფუნდამენტურად შეცვლის და თეოკრატიული მმართველობის ნიშნებს გააფორმებს,” – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობა და პოლიტიკა მართლმადიდებელი ეკლესიის აბსოლუტური პრივილეგირების პრინციპს ეფუძნება:

“ამ მხრივ, განსაკუთრებით ხაზგასასმელია არასეკულაურული და დისკრიმინაციული დაფინანსების, ქონების გადაცემის და გადასახადების სისტემები. არსებული დისკრიმინაციული რეგულაციებისა და პრაქტიკების სახელმწიფოს მიერ ლეგალიზება აქტიურად 2000-იანი წლებიდან იწყება და ეკლესიის ლეგიტიმურობის ზრდის ფონზე, სახელმწიფოს მხრიდან მისი ძალაუფლებისა და პრივილეგიების აღიარებისა და სამართლებრივ საზღვრებში გაფორმების მცდელობა იყო. თუმცა, 2012 წელს, ხელისუფლების ტრანზიციის შემდეგ, საპატრიარქო იწყებს პოლიტიკურ სივრცეში ღია შემოჭრასა და საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების უშუალო განხორციელებას, რომელსაც სუსტი სახელმწიფო ხელისუფლება წინააღმდეგობას არ უწევს. მეტიც, საკუთარი ლეგიტიმურობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ვარდნის პირობებში, ხელისუფლება ცდილობს გამოიყენოს ეკლესიის პოლიტიკური და სოციალური კაპიტალი და ამით კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს პოლიტიკური ხელისუფლების დაუძლურებას და გაუფასურებას. პოლიტიკური ხელისუფლების ეს მიდრეკილება განსაკუთრებით თვალშისაცემი ხდება წინა საარჩევნო პერიოდებსა და სოციალურ-პოლიტიკური კრიზისების დროს.”

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ პოლიტიკურ ველში ეკლესიის შემოჭრის ფორმების დინამიკის ანალიზი აჩვენებს, რომ თუ წინა ხელისუფლების პირობებში ის ჩრდილოვანი ძალაუფლების ფორმით არსებობდა და პროცესებზე ფარულად ცდილობდა გავლენის მოხდენას, ახალი ხელისუფლების დროს, პოლიტიკურ სივრცეში ეკლესიამ დემონსტრაციულად და, ზოგიერთ შემთხვევაში, ძალადობრივად დაიწყო შემოღწევა (მაგალითად, 2013 წლის 17 მაისის მოვლენები, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის განხილვის პროცესი).

“დომინანტი რელიგიური ინსტიტუციის მიმართ სახელმწიფოს მაღალი ლოიალობის პირობებში კი, მისი ძალაუფლების თანდათანობითი ინსტიტუციონალიზება ხდება. ამ კუთხით განსაკუთრებით საგულისხმოა თვითმმართველობის კოდექსის განხილვის, შუღლის გაღვივების კრიმინალიზების, განათლების სამინისტროს მიერ საგან „მე და საზოგადოებას“ შემუშავების პროცესებში საპატრიაქროს ღია მონაწილეობა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე მისი რეალური გავლენა.”

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, საპატრიარქოს პოზიციებისა და იდეოლოგიის გათვალისწინებით, მისი, როგორც პოლიტიკური აქტორის გაძლიერება პირდაპირ აისახება ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი თანასწორობის მდგომარეობაზე. მათი თქმით, აღსანიშნავია საპატრიარქოს აშკარად ნეგატიური გავლენა ქალთა ემანსიპაციის, ლგბტ პირთა უფლებების, რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის პროცესებზე.

“განსახილველი ინიციატივის განხორციელება შეიძლება შეფასდეს როგორც სეკულარული კონსტიტუციური სისტემის ფუნდამენტური რღვევა და დომინანტი რელიგიური ორგანიზაციის პოლიტიკური ძალაუფლების ინსტიტუციონალიზების ყველაზე უხეში ფორმა.”

EMC მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, არ დაუშვას პატრიარქისთვის მსჯავრდებული პირების შეწყალების კონსტიტუციური კომპეტენციის მინიჭება.

მასალების გადაბეჭდვის წესი