ახალი ამბები

უსუფაშვილი: შეწყალება არის სახელმწიფო მეთაურის პრეროგატივა

6 დეკემბერი, 2015 • 1493
უსუფაშვილი: შეწყალება არის სახელმწიფო მეთაურის პრეროგატივა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის ილია მეორეს განცხადებას ეხმაურება. უსუფაშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია მსგავსი კონსტიტუციური მოდელი და შეწაყალება, როგორც სასჯელისგან გათავისუფლება, არის სახელმწიფო მეთაურის პრეროგატივა.

“მაინცდამაინც არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო მეთაურის გარდა ვინმეს ჰქონდეს ეს ძალიან მძიმე ტვირთი. უფრო ჩართულობაზე შეიძლება იყოს საუბარი, ვიდრე ვინმესთვის უფლების გადაცემაზე ან გაყოფაზე. მე, უბრალოდ, არ მახსენდება ასეთი კონსტიტუციური მოდელი. გაუგებრობასთან გვაქვს საქმე, მე მგონი. მე არ ვიცი რაიმე პრეცენდენტი, როდესაც რაიმე სხვაგვარად არის დარეგულირებული – შეწაყალება, როგორც სასჯელისგან გათავისუფლება არის სახელმწიფო მეთაურის პრეროგატივა. რაც შეეხება ჩართულობას და რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი ადამიანი გაითავისებს ამ მნიშვნელოვან თემას და თავის აზრს მიაწვდის პრეზიდენტს, კარგი იქნება,”- აცხადებს დავით უსუფაშვილი.

რაც შეეხება პრემიერის ინიციატივას, უსუფაშვილის თქმით, ჯერ საჭიროა იდეის განხილვა:

“თუ ვინმემ რამე მოგვიწოდა, პირველ რიგში, ალბათ, აზრებს მოგვაწვდის და მერე ვიმსჯლეებთ უფრო დეტალურად”.

განცხადება დავით უსუფაშვილმა “რესპუბლიკური პარტიის” მე-16 ყრილობაზე გააკეთა. დღეს პარტია ახალ წევრებსა და თავჯდომარეს აირჩევს.

5 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის გარდა, პატრიარქსაც უნდა ჰქონდეს პატიმრების შეწყალების უფლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი