43693

პრემიერი: შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდა პოზიტიურ როლს შეასრულებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმართავს პრეზიდენტს და პარლამენტს, რომ იმსჯელონ პატრიარქისთვის პატიმრების შეწყალების უფლების მინიჭების საკითხზე.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდას პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია. შესაბამისად, უწმინდესის თხოვნის საფუძველზე, მთავრობის მეთაური საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის დაწყების თხოვნით მიმართავს“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღარიბაშვილის თქმით, “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქართველი ერის სულიერი წინამძღვარია და მისი რჩევა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია”.

საქართველოს პრემიერს ილია მეორემ მიმართა თხოვნით, ხელისუფლებამ განიხილოს პატრიარქისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების უფლების მინიჭების საკითხი.

როგორც ცნობილია, მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული და მას პრეზიდენტი ახორციელებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი