ახალი ამბები

საქველმოქმედო ვახშამი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ხანუქას დღესასწაულზე

4 დეკემბერი, 2015 • 1238
საქველმოქმედო ვახშამი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ხანუქას დღესასწაულზე

5 დეკემბერს, 20:00 საათზე, ხანუქას დღესასწაულზე, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო ვახშამი გაიმართება საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისა და ისრაელის სახლის ორგანიზებით.

ვახშმის მხარდამჭერები არიან ისრაელის ქნესეთი (პარლამენტი) და თბილისის მერია, შემოსული თანხა კი დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს ჩაერიცხება.

საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრებიან ისრაელისა და ქართული ბიზნესის, აგრეთვე, შემოქმედებითი
სფეროს წარმომადგენლები. სპეციალურად ამ დღისთვის ისრაელიდან ქნესეთის ვიცე-სპიკერის, ხილიკ ბარის ხელმძღვანელობით თბილისს ეწვია 20-კაციანი დელეგაცია, რომელშიც შედიან ისრაელის პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ზეევ დოლინსკი, ქნესეთის წევრები და ისრაელელი
ბიზნესმენები.

საქველმოქმედო ვახშამს დაესწრება 220 ადამიანი. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, საქველმოქმედო ვახშამი ამერიკული ტიპის იქნება, სადაც მონაწილეებმა ერთი ადგილი 180 დოლარად, ხოლო VIP ადგილი 360 დოლარად შეიძინეს.

ვახშამზე ქართველი მომღერლები (ია ჩანტლაძე, ელენე კალანდაძე და ქრისტინე ჯაფარიძე) შეასრულებენ
ქართულ, ებრაულ და ინგლისურ სიმღერებს. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი, ისრაელის სახლის დამფუძნებელი იციკ მოშე,
ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი და თბილისის მერი დავით ნარმანია. აინთება ხანუქას
სანთელი.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება ფილმი საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისა და ისრაელის სახლის
საქართველოში ქველმოქმედებაზე (დახმარება სვანეთს, საჩხერის მიწისძვრა, აგვისტოს ომის დროს
ქართველი ჯარისკაცების ისრაელში მკურნალობა, შშმ ბავშვებისთვის ისრაელიდან ჩამოტანილი 20-მდე
ელექტროეტლის გადაცემა და ა.შ.), ასევე 2-წუთიანი კლიპი დიმიტრი ცინცაძის ფონდის საქმიანობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი