ახალი ამბები

ომბუდსმენი შშმ პირთა პრობლემების გადასაჭრელად სახელმწიფოს გააქტიურებისკენ მოუწოდებს

3 დეკემბერი, 2015 • 1364
ომბუდსმენი შშმ პირთა პრობლემების გადასაჭრელად სახელმწიფოს გააქტიურებისკენ მოუწოდებს

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი აცხადებს, რომ საქართველოში ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესი, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება ამ პირთა სრული ჩართულობა, ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენს.

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა შეუერთდა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას, სახელმწიფოსთვის კვლავ გამოწვევაა მთელი რიგი საკითხები:

”მათ შორის, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის (CRPD) იმპლემენტაციის პროცესის დაჩქარება, სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა, სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებული საქმიანობა, საერთაშორისო მექანიზმების შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავება, საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვა, სამთავრობო სამოქმედო გეგმებით დადგენილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განათლების, დასაქმების, ცხოვრების ადეკვატური სტანდარტის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, დამოუკიდებელი ცხოვრების, საზოგადოებაში ჩართულობის ხელშეწყობა და სხვა. მეტად მნიშვნელოვანია გაეროს კონვენციის ფაკულტატური ოქმის საკითხი, რომელიც სახალხო დამცველის არაერთგზის რეკომენდაციის მიუხედავად კვლავ არ არის რატიფიცირებული.”

სახალხო დამცველმა, როგორც გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ეროვნულმა ორგანომ, შექმნა მექანიზმი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტთან ერთად მოიცავს საკონსულტაციო საბჭოს და მონიტორინგის ჯგუფს. ომბუდსმენის განცხადებით, მექანიზმის საქმიანობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. სახალხო დამცველის განცხადებით, ასევე შეირჩა კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ჯგუფი.

”საქართველოს სახალხო დამცველი უწყვეტ რეჟიმში ადევნებს თვალყურს ქვეყანაში ამ  მიმართულებით მიმდინარე პროცესებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფოს, აქტიურად წარმართოს საქმიანობა დასახელებული პრობლემების გადაჭრის მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სათანადოდ დაცვა და მათი სრული მონაწილეობა საზოგადოების ცხოვრებაში,” – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაეროს გენერალური მდივნის მისალმებაში ნათქვამია, რომ მდგრადი, ინკლუზიური და სოციალური ბარიერებისგან თავისუფალი მსოფლიოს მშენებლობა მოითხოვს ყველა ადამიანის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ფართო მონაწილეობას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1992 წელს დაწესდა და ყოველი წლის 3 დეკემბერს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შშმ პირთა უფლებების შესახებ, ყურადღების მიქცევა მათ საჭიროებებზე, მათი ღირსების დაცვა და მხარდაჭერა, რამაც უნდა უზრუნველყოს ამ პირთა სრული ჩართვა და მონაწილეობა საზოგადოების ცხოვრებაში.

მსოფლიო მასშტაბით 3 დეკემბრის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები ყოველწლიურად გარკვეულ თემას ეძღვნება. მიმდინარე წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე 2030 წლამდე მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღების შემდგომ პერიოდში აღინიშნება, რომლის ერთ-ერთი მოწოდებაა ”არავინ დავტოვოთ უკან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი