ახალი ამბები

იოჰანეს ჰანი მარგველაშვილს პოლიტიკური ვითარების განმუხტვისთვის მადლობას უხდის

27 ნოემბერი, 2015 • 1051
იოჰანეს ჰანი მარგველაშვილს პოლიტიკური ვითარების განმუხტვისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი პრეზიდენტის სასახლეში დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა პოლიტიკური ვითარების განმუხტვისა და დასტაბილურებისათვის.

“მნიშვნელოვანია, როგორია მართლმსაჯულების სისტემა, მედიის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება – მოკლედ, ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია ევროპელობის გარანტიისთვის. ამ კუთხით პოზიტიურ განვითარებას ვხედავ. ასევე მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და პრეზიდენტს პირადად მადლობა გადავუხადო იმ ჩართულობისთვის, როდესაც ის ცდილობდა სიტუაციის დასტაბილურებას და დამშვიდებას. იზრუნა, რათა დარწმუნებულიყო, რომ კანონის უზენაესობის პრინციპებსა და სტანდარტებს პატივს სცემენ. ეს არის ქვეყნისთვის საუკეთესო გარანტია, რომ დავაფასოთ და დავინახოთ ქვეყანა, როგორც ევროკავშირის თანასწორი პარტნიორი,” – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

საქართველოს პრეზიდენტისა და იოჰანეს ჰანის შეხვედრა დიპლომატებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთ საათს გაგრძელდა.

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში კომისარი, იოჰანეს ჰანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან უკვე გამართა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან. დღეს, ასევე, შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი