ახალი ამბები

ISIS–თან სავარაუდო კავშირში ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

1 დეკემბერი, 2015 • 1420
ISIS–თან სავარაუდო კავშირში ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ISIS–თან სავარაუდო კავშირში მყოფ 4 პირს, რომლებიც იარაღის უკანონოდ ტარებისა და შენახვის ბრალდებით დააკავეს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 21 იანვარს, 11 საათზეა დანიშნული.

ადვოკატი ემზარ პაქსაძე ამბობს, რომ ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ იარაღი ჩაუდეს, რათა ისინი გარკვეული დროით იზოლაციაში ამყოფონ.

“მტკიცებულებები, რაც არის წარდგენილი, ამაზე ანაბეჭდები და არაფერი არ არის და, შესაბამისად, რაიმე შემხებლობა ამ იარაღთან არ შეიძლება ჰქონოდათ. უფრო მეტიც, ისეთ ფორმაში იყო ამოღებული ის იარაღიც, რომ არ შეიძლებოდა ნორმალურ ადამიანს იქ შეენახა”, – განაცხადა პაქსაძემ.

კითხვაზე, თუ რატომ მიმდინარეობს საქმეზე გამოძიება იარაღის უკანონოდ ფლობის ბრალდებით, პროკურატურა პასუხობს, რომ საქმეს ადევს გრიფი საიდუმლო და ამიტომაც კითხვებს მოგვიანებით უპასუხებს.

“მტკიცებულებები რაც იყო 236–ე მუხლთან დაკავშირებით, უკვე წავუყენეთ და რატომ არ არის აქ ტერორიზმის ბრალდება, ამაზე იმავეს ვიმეორებ, რომ გრიფით საიდუმლოა”, – განაცხადა პროკურორმა გიორგი დავითაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოსთან” სავარაუდო კავშირში მყოფი 4 ადამიანი დააკავეს. სუს–ში დღეს, 1 დეკემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე სუს–ის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზორიამ განაცხადა, რომ ჩხრეკის შედეგად 4 ბინიდან ამოღებულია ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები, საბრძოლო ვაზნები, “ისლამური სახელმწიფოს” დროშები.

მასალების გადაბეჭდვის წესი