ახალი ამბები

ალექსანდრე ნინუა პატიმრობიდან გაათავისუფლეს

1 დეკემბერი, 2015 • 1928
ალექსანდრე ნინუა პატიმრობიდან გაათავისუფლეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ნინუა 30 ნოემბერს პირობით ვადამდე გაათავისუფლეს.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ნეტგაზეთს დაუდასტურა. სამინისტროს ინფორმაციით, ნინუამ სასჯელაღსრულების დაწესებულება პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნეტგაზეთს განუმარტა, რომ 17 ნოემბერს საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე ნინუას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რომლითაც ითხოვდა, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა გათავისუფლების თაობაზე,

სასამართლომ ბათილად სცნო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 29 ივნისის N001/15-2591 გადაწყვეტილება და დაავალა საბჭოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ალექსანდრე ნინუას პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობასთან დაკავშირებით.

ნინუას სასამართლომ პატიმრობა 2014 წლის მაისში მიუსაჯა იარაღის უკანონო ტარებისთვის. მას ასევე წარდგენილი აქვს ბრალი 5 685 000 ევროს ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი