ახალი ამბები

პრემიერი: 2016 წლის პირველი ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება

27 ნოემბერი, 2015 • 1429
პრემიერი: 2016 წლის პირველი ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება

2016 წლის პირველი ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება – აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით,  2012 წელთან შედარებით პენსიები 64 პროცენტამდეა გაზრდილი.

„მომავალი, 2016 წლის ბიუჯეტიც სოციალურად ორიენტირებული იქნება. ეს სახსრები  განკუთვნილი იქნება პენსიებისა და პედაგოგების საბაზო ხელფასების ზრდისათვის, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობისა და სხვა ღონისძიებებისათვის. პირველ რიგში, შევეხები პენსიების საკითხს. გადავწყვიტეთ , რომ 2016 წლის პირველი ივლისიდან პენსიები გახდეს 180 ლარი. 2012 წელთან შედარებით  პენსიები 64 პროცენტამდეა გაზრდილი. ასე რომ,  ჩვენ 600 მილიონი ლარით მეტს გავცემთ პენსიონერებისთვის,“– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ასევე მუშაობს საპენსიო რეფორმაზე, რათა საბოლოოდ მოწესრიგდეს ეს სფერო და დაინერგოს პენსიის დაგროვებითი სისტემა.

პრემიერ–მინისტრმა, ასევე, მთავრობის სხდომაზე 2016 წლის ბიუჯეტის გადანაწილების შესახებ ინფორმაცია წარადგინა.

მისი თქმით, ხელისუფლება ასრულებს დანაპირებს– 2016 წლის ბიუჯეტი იქნება სოციალურად ორიენტირებული და გაიზრდება ხარჯები ამ  მიმართულებით.

„თუ 2012 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯები შეადგენდა 1.8 მილიარდ ლარს, 2016 წელს იგი გადააჭარბებს 3 მილიარდ ლარს, თითქმის გაორმაგებულია. მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეუფერხებელი განხორციელებისათვის გამოყოფილია 570 მილიონ ლარამდე.  დღეს ყველა მოქალაქე არის დაზღვეული და სახელმწიფო ფარავს მათი მკურნალობის ხარჯებს,“.

მისი ინფორმაციით, დევნილთა განსახლების ღონისძიებებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 85 მილიონი ლარი, მაშინ  როდესაცსამინისტროს ბიუჯეტი 2012 წელს 25 მილიონ ლარს შეადგენდა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების სისტემის ბიუჯეტზეც ისაუბრა და თქვა, რომ ჯანდაცვის მიმართულების შემდეგ, ყველაზე დიდი ფინანსური რესურსი განათლებაში იქნება მიმართული.

„ამისათვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 1 მილიარდ ლარზე მეტი. 2012 წელთან შედარებით 2016 წელს 55 %–ით იქნება გაზრდილი განათლების სისტემის ბიუჯეტი. განსაკუთრებით მინდა შევეხო მასწავლებლების ხელფასის საკითხს. 2015 წლის 1 აპრილიდან განხორციელდება პედაგოგთა ხელფასების ზრდის მეორე ეტაპი და საბაზო ხელფასი გაიზრდება 405 ლარამდე. საშუალო ხელფასი 2016 წლისათვის, 2012 წელთან შედარებით, ჯამში გაიზრდება 70 პროცენტით. ასევე გაიზარდა მეცნიერთა ხელფასები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი