ახალი ამბები

პრემიერი: მაღალმთიანი დასახლების განვითარებისთვის 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული

27 ნოემბერი, 2015 • 1193
პრემიერი: მაღალმთიანი დასახლების განვითარებისთვის 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული

“მაღალმთიანი რეგიონებისთვის 2016 წლიდან სხვადასხვა სოციალური დახმარება ამოქმედდება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა  მთავრობის სხდომაზე

მისი თქმით, მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის მიღება იყო ახალი ხელისუფლების დაპირება, რაც შესრულდა. ინფორმაციით, მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდისთვის გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარი.  

„ეს არის, ჩემი აზრით, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რადგან ჩვენ მთლიანად გავაცნობიერეთ ის, თუ რა შეიძლება მოიტანოს ჩვენი ქვეყნის მთიანეთის დაცლამ და გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ამ ვითარების გამოსასწორებლად.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოციალური შეღავათების ამოქმედების შედეგად მაღალმთიან რეგიონებში გაიზრდება ჯანდაცვასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობა,“–განაცხადა პრემიერმა.

მისი განმარტებით, მომავალ წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებისთვის დაახლოებით მილიარდი ლარია გათვალისწინებული.

“აქედან დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. 280 მილიონი ლარია გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის. გაგრძელდება „აწარმოე საქართველოსთვის“ პროგრამის მხარდაჭერა.  დღეის მდგომარეობით, აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში 139 ახალი საწარმო  და  600 მეტი საწარმოა დაფინანსებული გადაირაღების კუთხით. ინდუსტრიული მიმართულებით, 123 ახალი ქარხანა დავაფინანსეთ, რაც ჯამში 350 მილიონი ლარის ინვესტიციაა. გვქონდა 3 წლიანი პროგრამა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის და გადავწყვიტეთ, რომ გაისადაც გავაგრძელოთ ეს პროგრამა. ასევე  გაგრძელდება აგროდაზღვევის პროგრამა და პროგრამა „დანერგე მომავალი“. კიდევ ერთი ინფორმაცია: ჩვენ 8000 ფერმერს ჩამოვაწერეთ 26 მილიონი ლარის ოდენობის იჯარის დავალიანება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი