ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

განსაკუთრებული სტატუსი აფხაზეთს – საქართველოს ფედერაციული მოწყობის შორეული პერსპექტივა

27 ნოემბერი, 2015 • 1895
განსაკუთრებული სტატუსი აფხაზეთს –  საქართველოს ფედერაციული მოწყობის შორეული პერსპექტივა

კონფლიქტების საკითხთა სპეციალისტები თანხმდებიან, რომ საქართველოს ფედერაციულ მოწყობაზე საუბარი, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება, კარგია, მაგრამ – უდროო.

რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებაზე ქვეყნის ფედერაციულ მოწყობასთან დაკავშირებით, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება, მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს კომენტარის გაკეთება კვლავ მოუწია იმ კონფერენციაზე, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით დღეს, 27 ნოემბერს „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრმა – კავკასიური სახლი“ და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტმა“ კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკაზე გამართეს. აღნიშნული კონფერენცია დახურული იყო.

“ჩემი ღრმა რწმენით, და მე, როგორც მინისტრი ამას ვერ მოვესწრები, საქართველოს მომავალი უნდა იყოს ფედერაციული მოწყობა. ფედერაცია არის მომავალი. ასიმეტრიულ რეგიონალიზმზე დაფუძნებული, სადაც სხვადასხვა რეგიონს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა სტატუსი. ეს არის ჩემი ხედვა, რომელიც ახლა არ დაბადებულა. ეს თემა მუდმივად მუსირებდა საქართველოში, ამაში ახალი არაფერია და ეს არ არის ზაქარეიშვილის იდეა”, – განუცხადა მინისტრმა ნეტგაზეთს შეხვედრის შემდეგ.

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე აფხაზური მხარის რეაქციას, რომელიც ნეგატიურია, ამჟამად მნიშვნელობა არც აქვს.

“აფხაზებისთვის გაუგებრია. მათ დამოუკიდებლობის გარდა ვერაფერი წარმოუდგენია და კარგავენ იმას, რაც შეიძლება ფედერაციის ფარგლებში მიიღონ. მე მათ არაერთხელ ვუთხარი ინტერვიუებში, უკვე მინისტრობის შემდეგ, რომ თქვენს ყაბადაღებულ აღიარებას რუსეთის მიერ, გირჩევნიათ რეალურ ფედერაციაში ცხოვრება, უფრო მეტი გექნებთ, ვიდრე ე.წ. დამოუკიდებლობაში-მეთქი. ყირიმმაც აჩვენა, რომ არავითარი დამოუკიდებლობოს შანსი არ გააჩნიათ. თუ ვინმე აფხაზეთს დღეს იცავს რამდენაირად, ეს არის საქართველოს არაღიარება. თუ არ ვაღიარებთ, ისინი არიან გარანტირებულად დაცულები. ღმერთმა დაგვიფაროს, და ჩვენ რომ დამოუკიდებლობა ვაღიაროთ და როგორც კი ამ სიტყვას ლეგიტიმაცია მიეცემა, მაშინვე მოუწყობს რუსეთი რეფერენდუმს, რომელიც ჩაატარა ყირიმში”.

მინისტრი ამბობს, რომ ფედერაციის მოწყობის წინაპირობა ქვეყნის განვითარება და სწორი პოლიტიკა უნდა გახდეს.

“ამ სამმა წელმა აჩვენა, რომ საკმაოდ დინამიურად მიდის პროცესი და მხოლოდ უნახავი ვერ ხედავს, რომ მოსახლეობა მოძრაობს. კიდევ სამი წელიწადი უფრო მეტ შედეგს მოგვცემს. ამ პოლიტიკამ გაამართლა, ადამიანები მშვიდად ცხოვრობენ. იქამდე სულ არეულობა იყო, ტერორი, იყო, ვიღაცეებს იტაცებდნენ. მათ განვითარების არანაირი პერსპექტივა არ აქვთ ნორმალური საქართველოს გარეშე. ჩვენ უნდაა გავხდეთ ნორმალური საქართველო”, – ამბობს ზაქარეიშვილი.

მინისტრი მიიჩნევს, რომ ფედერაციული მოწყობის საკითხზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს.

“თუ ქართულ საზოგადოებაში ვერ ჩამოვაყალიბეთ კონცეფცია, როგორ უნდა შეთავაზო სხვას? ჯერჯერობით ამაზე უკეთესი იდეა არ გაჟღერებულა. აფხაზეთი ყველას გვახსოვს, მაგრამ როგორ აპირებ დაბრუნებას, ამაზე დღემდე არაფერია ნათქვამი. ქუთაისში რომ აპირებ ჩასვლას, ხომ გეგმავ რით უნდა წახვიდე, მარშრუტკით, მანქანით თუ მატარებლით. გზებს ეძებ. მაშინ რატომ არ ვფიქრობთ იმაზე, რა გზებით ვაპირებთ აფხაზეთის დაბრუნებას”.

ფედერაციული მოწყობის საკითხზე დღეს მსჯელობა არარელევანტურად მიაჩნია გიორგი კანაშვილს, კავკასიური სახლის აღმასრულებელ დირექტორს.

“ჰაერში გასროლილი ტყვიაა, რომელიც მიზანს არ მისწვდება, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს, ამ სიტუაციაში ამ თემაზე არავინაა მზად ამაზე სალაპარაკოდ. ამ ტიპის პოლიტიკურ გადაყვეტილებას წინ უნდა უძღვოდეს ძალიან დიდი სამუშაო. მაშინ როდესაც მხარები ერთმანეთს პირიდაპირ რეჟიმში არც კი ელაპრაკებიან, ამ სიღრმის და სიმძიმის საკითხის დაძვრა არარელევანტურია. ჯერჯერობით, ამის კონტურები არ იკვეთება, არცერთი მხარე არაა მზად ამაზე ილაპარაკოს. ამჟამად ეს თემა საექსპერტო დონეზე, შიდა საუბრის თემა შეიძლება იყოს”, – ამბობს გიორგი კანაშვილი.  

არარეალურ, მაგრამ კარგ ინიციატივად აფასებს ქვეყნის ფედერაციულ მოწყობას აფხაზეთისთვის განსაკუთრებული სტატუსით, სერგი კაპანაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) დირექტორი.

“ამაზე საუბარი კარგია, იმიტომ რომ ჩვენი ტერიტორიის ფარგლებში აფხაზეთის მოქცევას ითვალისწინებს. ეს კარგი მოდელია. მაგრამ რეალური არ არის, იმიტომ რომ სტატუსზე საუაბარი არ მიმდინარეობს, ჟენევაში ამაზე დისკუსია არ არის. როდესაც ხელისუფლებიდან ისმის ეს იდეა, არასარიოზულობის განცდა რჩება. ამ თემის წამოწევა იდეების ნაკლებობას ნიშნავს დღეს. იმედია დადგება ეს დროც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ამაში. დღეს სხვა რეალობაა”, – ამბობს კაპანაძე.

არსებულ კონფლიქტში დღევანდელი გამოსავალი კი, მისი აზრით, სტატუს ნეიტრალურ თემებზე მუშაობაა.

“ვიმუშაოთ ვაჭრობაზე, ადამიანების ურთიერთობაზე, დიალოგზე. გაიხსნას გამყოფი ხაზები, ხალხმა იმოძრაოს. იტერაქცია იყოს ინტენსიური, მეტი ფული დაიხარჯოს, და რამდენიმე წლის მერე სტატუსზე კი არ ვილაპარაკოთ, –  ეს კონფლიქტი დარჩეს გაყინულ მდგომარეობაში ელიტებს შორის, მაგრამ ხალხს შორის არარელევანტრი გახდეს. როგორც ტაივან -ჩინეთს შორისაა. მათ შორის მოძრაობაა, ისინი ერთმანეთში ურთიერთქმედებენ, ხალხისთვის ელიტებს შორის კონფლქტს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. აქამდე უნდა მივიდეთ. თუმცა, ამას ვერ გავაკეთებთ ისე, თუ რუსეთთან არ იქნება გარკვეული მისი როლი და არ გევქნება კონფლიქტის მოგვარებაზე მოლაპარაკებები. ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, ზრდის კონფლიქტის გადაჭრის გზას”.

ის, რასაც დღეს ამ კუთხით ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს, სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ არასაკმარისია.

“უფრო მეტი ფული უნდა დაიხარჯოს, ეს არის მთავარი, მეტი რესურსი, კერძო თუ სახელმწიფო უნდა იყოს ჩადებული, მეტი კონკრეტული იდეა. რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა გაუჩნდეს გამყოფი ხაზის იქით ვინმეს ილუზია, რომ კონფლიქტის მხარედ შეიძლება ვაღიაროთ. იმიტომ რომ როგორც კი რამის ილუზია ჩნდება, ყველა პრაგმატული ნაბიჯი იბლოკება. როდესაც არ ექნება ილუზია, დაიწყებს პრაგმატულ საუბარს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი