ახალი ამბები

თბილისის ბაგა-ბაღში მშობელმა სხვების დასაშინებლად შვილს იარაღი მისცა

27 ნოემბერი, 2015 • 1236
თბილისის ბაგა-ბაღში მშობელმა სხვების დასაშინებლად შვილს იარაღი მისცა

ინციდენტი გუშინ, 26 ნოემბერს თბილისის 213-ე ბაგა-ბაღში მოხდა – ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელმა შვილს სხვების დასაშინებლად ფანჯრიდან იარაღი შეაწოდა.

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ აღნიშნული ფაქტი ცნობილი მათთვის დღეს გახდა.

“ბაღის დირექტორმა შეგვატყობინა აღნიშნული ფაქტის შესახებ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გუშინ, საღამოს, საკლასო ოთახის ფანჯარა ღია  იყო, რა დროსაც ერთ-ერთი აღსაზრდელის მამამ შვილს დაუძახა, იარაღი მიაწოდა და უთხრა, რომ თუ ვინმე გააბრაზებდა, ირაღით შეეშინებინა. მასწავლებელმა ბავშვს იარაღი გამოართვა და შეინახა”, – განგვიცხადეს სააგენტოში.

მათივე განმარტებით, არის თუ არა იარაღი ნამდვილი, მათთვის უცნობია. სააგენტოს ცნობით, საქმეში პოლიციას ჩართავენ.

შსს-ში აცხადებენ, რომ ამ ფაქტზე განცხადებით მათთვის ჯერ არ მიუმართავთ.

საბავშვო ბაღში იარაღთან დაკავშირებულ ინციდენტზე ინფორმაცია სოციალური ქსელით, ამავე ბაღის სხვა აღსაზრდელის ოჯახის წევრმა გაავრცელა. მისი თქმით, ბაღში მიტანილი იარაღი ნამდვილია.

213-ე ბაღში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ინციდენტის შესახებ ჟურნალისტებს ამ ეტაპზე ვერ დაელაპარაკებიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი