ახალი ამბები

13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებულ წყნეთი-ბეთანიის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

28 ნოემბერი, 2015 • 1961
13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებულ წყნეთი-ბეთანიის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

თბილისის მერიამ დღეს, 28 ნოემბერს, 13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებულ წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე გაწმენდით სამუშაოები დაიწყო.

მერიის ცნობით, თბილისის მერი სტიქიის ზონაში დედაქალაქის მთავრობის წერვებთან,  გარემოს დაცვისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.  თბილისის მერიის ინიციატივით, თბილისის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ვითარებას სამოქალაქო მოძრაობა „პარტიზანი მებაღეობის“ წევრებიც გაეცნენ.

გეგმის მიხედვით, მომავალში დამატებითი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, 13 ივნისის სტიქიის დროს ჩამოშლილი ფერდობიდან იგეგმება დაზიანებული  ხეების მოცლა. ფერდობის დაზიანებული ხეებისგან გაწმენდა არის პირველი ეტაპი, შემდგომ კი აღნიშნულ მონაკვეთზე  სხვა ტიპის სამუშაოები დაიგეგმება.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ფერდობიდან გატანილი დამუშავებული საშეშე მასალა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადაეცემა.

„იმისათვის, რომ მომავალშიც დამატებით არ შეიქმნას საფრთხე, მნიშვნელოვანია, რომ დაზიანებული და დაძრული ხის მასა მოიჭრას და გამოვიტანოთ. ჩვენ უკვე გვყავს კონტრაქტორი კომპანია, რომელმაც ეს სამუშაოები უნდა დაიწყოს უახლოეს დღეებში.  დამუშავებული საშეშე მასალა გადაეცემათ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას. ამის შემდეგ კი უკვე იქნება კონკრეტული შეფასებითი სამუშაოები დამატებით საინჟინრო გადაწყვეტასთან დაკავშირებით, რომელზეც რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერიის ცნობით, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზის დაზიანებულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების დაწყებამდე ჩატარდა კვლევები და მომზადდა შესაბამისი ექსპერტული დასკვნები.

მასალების გადაბეჭდვის წესი