ახალი ამბები

სუს–ი 4 დაკავებულის “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირის დადგენაზე მუშაობს

1 დეკემბერი, 2015 • 1544
სუს–ი 4 დაკავებულის “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირის დადგენაზე მუშაობს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოსთან” სავრაუდო კავშირში მყოფი 4 ადამიანი დააკავეს.

სუს–ში დღეს, 1 დეკემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე სუს–ის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზორიამ განაცხადა, რომ აღნიშNული პირების დაკავებამდე სამართალდამცავებმა 11 ბინა გაჩხრიკეს.

ჩხრეკის შედეგად, ამბობს იზორია, 4 ბინიდან ამოღებულია ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები, საბრძოლო ვაზნები, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული მოწყობილობები, ინტერნეტმოდემები, სხვადასხვა ლიტერატურა, ინფორმაციის მატარებელი სხვადასხვა მოწყობილობა და ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” მიკუთვნებული დროშები.

აღნიშნული პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვას, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

“დაკავებული პირების ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტის დასადგენად მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები”, – განაცხადა იზორიამ.

ლევან იზორიას განცხადებით, აღნიშნული 11 საცხოვრებელი სახლის ჩრეკის ნებართვა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 18 ნოემბერს გასცა, ხოლო სახლები 29 ნოემბერს გაჩხრიკეს. იზორიას თქმით, სასამართლომ ჩრეკის შუამდგომლობა სისხლის სამართლის კოდექსის 410–ე მუხლის მიხედვით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გასცა, რაც გულისხმობს დაქირავებულის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის ბრალდებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი