ახალი ამბები

მსოფლიოში აივ ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს, საქართველოში მატულობს

26 ნოემბერი, 2010 • • 1125
მსოფლიოში აივ ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს, საქართველოში მატულობს

საქართველოში, ნოემბრის თვის მონაცემებით, აივ ინფექციის 2624 შემთხვევაა დაფიქსირებული. 2010 წელს შიდსის ვირუსით ინფიცირების 388 შემთხვევა გამოვლინდა. 2009 წლის მანძილზე კი– 385 შემთხვევა.

საქართველოში აივ ინფექციის მაჩვენებელი წლიდან წლამდე მატულობს. დაახლოებით ხუთი წლის წინათ ორჯერ ნაკლები იყო დაინფიცირებულთა რაოდენობა.

ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 30–დან 39 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშია, სადაც 1060 შემთხვევაა დაფიქსირებული.

სტატისტიკას საქართველოს შიდსის ცენტრი აქვეყნებს.

შიდსის ვირუსით 20 მილიონი ადამიანია გარდაცვლილი. ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში 570 ათასი ბავშვია დაინფიცირებული.

საქართველოში მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, გაეროს 2010 წლის ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში აივ ვირუსით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა. მაგალითად, 2009 წელს მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე– 2009 წელს. თუ 1999 წელს შიდსის ვირუსით 3,1 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 2009 წლისთვის მაჩვენებელი შემცირებულია და ის 2,6 მილიონს შეადგენს.

საერთო მაჩვენებლით, გაეროს ანგარიშის მიხედვით, ვირუსის გავრცელება შემცირებულია, თუმცა ცალკეულ რეგიონებში  დაინფიცირებულთა მატება შეინიშნება. ტრადიციულად, ყველაზე რთული კონტინენტია აფრიკა. მაგრამ გაეროს ანგარიშში მოხვდა აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია, სადაც სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, აივ ვირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა. რეგიონში ინფექციის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი  უკრაინასა და რუსეთშია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი