ახალი ამბები

სახალხო კრება საყოველთაო დაუმორჩილებლობას იწყებს

25 ნოემბერი, 2010 • 1583
სახალხო კრება საყოველთაო დაუმორჩილებლობას იწყებს

„ჩვენ არ ვიმოქმედებთ იმ კონსტიტუციით, რომელიც იმისათვის  არის შექმნილი, რომ ეს მთავრობა კიდევ ათწლეულები დარჩეს ხელისუფლებაში“-თქვა ნინო ბურჯანაძემ სახალხო წარმომადგენლობით კრებაზე სიტყვით გამოსვლისას დღეს პარლამენტის შენობის წინ. მისი თქმით, ისინი ბრძოლას ხელისუფლების შეცვლამდე გააგრძელებენ. ბურჯანაძის განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დღეს სახალხო კრება არ ჩატარებულიყო, რადგან „მას ეშინია არა მიტინგების, არამედ-კრების“.  მან ასევე განაცხადა, რომ ხვალ საქართველოს ყველა რეგიონში შეიქმნება დაუმორჩილებლობის კომიტეტები, რომლებიც შეძლებენ საკმარისი რაოდენობის ხალხის მობილიზებას.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, ხალხმა მოსვლა დილიდანვე დაიწყო. შუადღის 3 საათისთვის უკვე გზის გადაკეტვა გახდა საჭირო.  „სახალხო კრების“ მიმდინარეობისას მიმდებარე ტერიტორიაზე არ გამოჩენილა საპატრულო პოლიცია. კრებას ეტაპობრივად უერთდებოდნენ დელეგატები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქიდან: ბათუმი, ხულო, ქედა, შუახევი, ტყიბული, ჭიათურა, სიღნაღი, ხობი, ფოთი, სენაკი, აბაშა, თელავი, გურჯაანი-ეს არის იმ ქალაქების არასრულია სია, რომელიც დელეგატებს ტრანსფარანტებზე ჰქონდათ წაწერილი. მათი თქმით, ჩამოსვლისას გზაზე არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ. ორგანიზატორებს ტრანსპორტის დაქირავებაც არ გასჭირვებიათ. დელეგატები ამბობდნენ, რომ თითოეული მათგანი თბილისში რამდენიმე ათეული ადამიანის ინტერესის გამოსახატად ჩამოვიდა.

უსამართლობა, ძალადობრივი რეჟიმი, უმუშევრობა, სოციალური პრობლემები, მანდატურები სკოლებში-ეს არის იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალი, რის გამოც ადამიანები, მათივე თქმით, სახალხო კრებას შეურთდნენ.

15 საათზე კრება გახსნილად გამოაცხადა მსახიობმა გოგი ქავთარაძემ. კრებაზე აირჩიეს „სათათბირო დარბაზის“ წევრები, რომლებმაც სამომავლოდ პრაქტიკულად უნდა განახორციელონ დასახული მიზნები და ამოცანები. წევრებს შორის არიან: ჭაბუა ამირეჯიბი, ნონა გაფრინდაშვილი, რობერტ სტურუა, გოგი ქავთარაძე, მინდია სალუქვაძე, ირაკლი ბათიაშვილი, ლუკა კურტანიძე, მინდია უგრეხელიძე, ნინო ბურჯანაძე, გია ბურჯანაძე, ლერი ხაბელოვი, გურამ ფირცხალავა, ლელიკო ჯაფარიძე,  სოსო ჯაჭვლიანი, გუბაზ სანიკიძე, კახა შარტავა, ვახტანგ ყოლბაია, თემურ შაშიაშვილი, რეზო შავიშვილი, ზაზა სოფორმაძე, შალვა ხაჭაპურიძე, კახა კუკავა, კახა კაციტაძე, ზაზა შათირიშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, გიოორგი კორკოტაშილი, გოგა ხაინდრავა, ირაკლი ტრიპოლსკი, გუგული მაღრაძე, თემურ შაშიაშვილი და ა.შ.

მოგვიანებით, სახალხო კრებამ საქართველოს პრეზიდენტს უნდობლობის ვერდიქტი გამოუტანა.  გია ბურჯანაძის თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ პარლამენტი საკუთარ ვალდებულებას ვერ ასრულებს, მას არ შეუძლია ხალხის ინტერესების გამოხატვა.  მისი განცხადებით, პარლამენტს არა აქვს ძალა, კორუმპირებული ჩინოვნიკები ხელისუფლებას ჩამოაცილოს. უნდობლობის მიზეზებს შორის დასახელდა ხელისუფლებაში ძალაუფლების მონოპოლიზაცია და სასამართლო ხელისუფლების დაკნინება.

რეჟისორმა რეზო ესაძემ პარლამენტის წინ შეკრებილებს სახალხო წარმომადგენლობითი კრების რეზოლუციის პროექტი გააცნო.

„ეს არის ქართველი ხალხის პოლიტიკური თვითორგანიზების ლეგიტიმური ფორმა, 15 ათასი დელეგატითა და 850 ათასი მხარდამჭერით.  სახალხო წარმომადგენლობითი კრება გახდა საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი უზენაესი ორგანო. საქართველოს ხმის უფლების მქონე მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ ეგუება სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს“-თქვა რეზო ესაძემ. მისივე თქმით, სახალხო კრება მზად არის, რეჟიმის შესაცვლელად იბრძოლოს სამოქალაქო წინააღმდეგობის ყველა ფორმით. 

ელიზბარ ჯაველიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ „სააკაშვილის რეჟიმის დროს რაც კი არჩევნები ჩატარდა, ყველა გაყალბდა.  ჩვენი მოთხოვნაა, რომ გადადგეს სააკაშვილი, ხელისუფლების ყველა პირველი პირი, შეიქმნას დემოკრატიული საარჩევნო გარემო“. 

მან ასევე თქვა, რომ ნდობით აღჭურვილი პირებისგან უნდა შეიქმნას საარჩევნო კომისია, ამ კომისიაში კი შევლენ როგორც ეროვნული, ისე სასულიერო პირები.

„ყოველგვარი ფორმა ჩვენი ბრძოლისა, რაც კონსტიტუციით დაშვებულია, ჩვენთვის მისაღებია. რასაც მოითხოვს ეს ხალხი, იმას გავაკეთებთ. იტყვიან აქციებიო?-აქციებს გავმართავთ. გავგრძელოთ შტურმი, რომელიმე დაწესებულებაზე?-იმ შტურმს განვახორციელებთ. ეს არის ჩვენი ნება, რადგან ჩვენ ხალხი უნდა დავარწმუნოთ, რომ ის არის ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, ხელისუფლება კი მის მიერ არის დაქირავებული.  ახლა კი ყველაფერი პირიქითაა“-თქვა ელიზბარ ჯაველიძემ.

წარმომადგენლობითი სახალხო კრება საღამოს 7 საათისთვის დაიშალა. კრების რამდენიმე მონაწილე პარლამენტის წინ მთელი ღამის განმავლობაში აპირებს დარჩენას. ხვალ, დღის 2 საათზე კი ისინი პარლამენტთან აქციის გამართვას გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი