ახალი ამბები

დაკავება პროსტიტუციის ბრალდებით

25 ნოემბერი, 2010 • • 1505
დაკავება პროსტიტუციის ბრალდებით

ქალი, რომელსაც დიდუბე–ჩუღურეთის პოლიციის თანამშრომელი მეძავს ეძახდა, მუხლჩაჩოქილი იდგა ასფალტზე, პოლიციის თანამშრომელს კი მის თეთრ ბეწვის ქურთუკზე ხელი მაგრად ჰქონდა ჩაჭიდებული.

ქალი თავის დაძვრენას ცდილობდა. პოლიციის თანამშრომელი ქალის ქურთუკს ხელს არ უშვებდა. ჯაჯგური  დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა სანამ ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, თამარ მეფის გამზირზე, დაახლოებით სამი საათისთვის ხალხი ქალის კივილს გაიგებდა, პოლიციის ხელში მყოფის მუხლები ასფალტზე რამდენჯერმე გახოხდა.

რამდენიმე წუთში მუხლჩაჩოქილი ქალის და  პოლიციის თანამშრომლის ირგვლივ რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა.

პოლიციის თანამშრომელმა ქალს ხელი გაუშვა და დახმარებისთვის, სავარაუდოდ, სხვა თანამშრომელს დაურეკა.

„ნიკუშ, მოდი რა, პროსტიტუტია აქ“.

პოლიციის თანამშრომელი ქალის დაჯარიმებაზე საუბრობდა.

„400 ლარს კი არა 400 თეთრს არ მოგცემ, შენისთანებს არ ვაძლევ მე, ტუტუცი ეს“,–ყვიროდა ქალი.

„შე მეძავო შენ“,–თავის მხრივ პასუხობდა პოლიციის თანამშრომელი.

ქალი შეკრებილებს თავის ისტორიას უყვებოდა. ის ამბობდა, თითქოს თავის ბიძაშვილს ესაუბრებოდა მანქანასთან, როცა პოლიციის თანამშრომელმა ის დააკავა.

პოლიციის ხელიდან გათავისუფლებულ ქალი მუქარაზეც გადავიდა. ურთიერთშეურაცხმყოფელი სიტყვები დაახლოებით ათი წუთის მანძილზე გრძელდებოდა.

”მეტროდან ამოვედი და ჩოჩქოლი იყო. მერე არაფერი დამინახია, მელიციამ გამომაგდო. მე დავიმალე, მაგრამ წივილ-კივილი გავიგე. თქვეს, ქალი და კაცი ჯაჯგურობდნენო,” – ამბობს ქალბატონი, რომელიც პრესის ჯიხურის წინ ლიმონს ყიდის.

რამდენიმე წუთის შემდეგ ის ადამიანი გამოჩნდა, რომელსაც პოლიციის თანამშრომელმა დაურეკა.

მას პოლიციის ფორმა არ ეცვა. ქალს უთხრა, რომ დაწყნარებულიყო. ქალმა თქვა, რომ ახალმოსულს სახელად ნიკუშა ერქვა. მან ხალხს უთხრა, რომ დამშვიდებულიყო.

სამივე მათგანი თამარ მეფის გამზირს გაუყვა. ისინი დიდუბე–ჩუღურეთის პოლიციის შენობაში შევიდნენ. ერთი, რომელსაც პირველმა პოლიციელმა „ნიკუშა“ უწოდა, გარეთ რამდენიმე წამში გამოვიდა. ქალს კიბეებზე პოლიციის პირველი თანამშრომელი აყვა.

”იმ ბიჭმა აიყვანა, თორნიკე ჰქვია, პოლიციელია. გოგოს თეთრი “შუბა” ეცვა”, -ამბობს ალისა შონია, რომელიც მანდარინს ყიდის თამარ მეფის გამზირზე.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პოლიციის განყოფილების წინ პრესის გამყიდველი  ქალიც ადასტურებს, რომ დაახლოებით 3 საათზე შეესწრო კონფლიქტს ქალსა და მამაკაცს შორის.

”ხმაური გავიგე, დავინახე, ქალი ეკამათებოდა პოლიციელს. ქალს აჭარხლებული სახე ჰქონდა, წიოდა და ხმაურობდა. შემდეგ არ ვიცი, სად წაიყვანეს, ჩემს საქმეს ვაკეთებდი და არ მეცალა.”

”მე რომ მოვედი, ის ქალი მიჰყავდათ. ქალი ტიროდა. კაცი ახალგაზრდა იყო და ქალი ასაკში. მხოლოდ ეს დავინახე, სხვა არაფერი ვიცი. მორწმუნე ქალი ვარ და არ ვიტყუები,” – ამბობს  ნათელა კალანდაძე, თამარ მეფის გამზირზე მდგარი პრესის ჯიხურის გამყიდველი.

პრესის ჯიხურის წინ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პოლიციის განყოფილებაა. განყოფილების კართან მდგარი დაცვა უარყოფს  შენობაში რომელიმე დაკავებულის შეყვანას. განყოფილების მე-3 სართულზე მჯდარმა მორიგე მამუკა ლეჟავამ ნეტგაზეთის ჟურნალისტს განყოფილების უფროსთან ინტერვიუს ჩაწერის უფლება არ მისცა და შინაგან სამეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებასთან დაკავშირება ურჩია, დეტალების დასაზუსტებლად. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა ნეტგაზეთის სატელეფონო ზარს მთელი დღის მანძილზე არ უპასუხა.

პოლიციელის მიერ მეძავის აყვანას ადასტურებს მეორე მეძავიც, სახელად გვანცა, რომელიც ვაგზლის მეტროს ტერიტორიაზე მუშაობს. ის ამბობს, რომ მეძავი დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს.

”დავინახე, ერთი გოგო აიყვანეს ჩვენგან. შელაპარაკება მოუვიდა თანამშრომელთან. არ ვიცი, რატომ. ”

გვანცა ამბობს, რომ ეს პოლიციელების მიერ მეძავის დაკავების პირველი შემთხვევა არაა.

”ძაან ბევრი ჩვენი გოგო აუყვანიათ ჩვენგან. 400– ლარიან ჯარიმას უწერენ. თუ არ მოაწერს ხელს, რომ მეძავია, ჯარიმა კიდევ ემატება.”

საქართველოში მეძავობა არალეგალური საქმიანობაა და პირველ ჯერზე დაკავებისას 400 ლარით ისჯება.  

კონფიდენციალურობის მიზნით, მეძავის სახელი შეცვლილია.

Interview by netgazetige

მასალების გადაბეჭდვის წესი