ახალი ამბები

მეგობართა ჯგუფის შეხვედრა

25 ოქტომბერი, 2010 • • 1021
მეგობართა ჯგუფის შეხვედრა

დღეს ლუქსემბურგში, ჩეხური მხარის ინიციატივით, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე სამუშაო საუზმის ფორმატში, საქართველოს ახალ მეგობართა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ესწრებოდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: ჩეხეთის, ბულგარეთის, ესტონეთის და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე – გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის დარგში ევროკომისარი შტეფან ფულე, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები და სხვა ოფიციალური პირები.

მეგობართა ჯგუფის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისეთ აქტუალურ საკითხზე იმსჯელეს, როგორიცაა ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობა, ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, მეგობართა ჯგუფის ფორმატში, საქართველოსთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით შემდგომი თანამშრომლობა განაგრძონ.

საქართვლოს საგარეო საქმეთა მინისტრის ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა გრიგოლ ვაშაძის ორმხრივი შეხვედრა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის დარგში ევროკომისართან შტეფან ფულესთან. შეხვედრისას, ძირითადად,  ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის პროცესისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის შემდგომი განვითარების გზების განხილვას დაეთმო ყურადღება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი