ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეო უწყებას ეხმაურება

20 ოქტომბერი, 2010 • • 1234
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეო უწყებას ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებებისგან თავის არიდებად აფასებს.

,,რუსეთის ფედერაცია ცდილობს, სოფელ პერევიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანა წარმოაჩინოს როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების სრულფასოვანი იმპლემენტაცია. თუმცა, რეალობაა ის, რომ რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი, ხოლო ოკუპირებულ რეგიონებში განლაგებული ჰყავს რამდენიმე სამხედრო ბაზა და ათი ათასამდე სამხედრო მოსამსახურე. გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, ხოლო ასობით ათას დევნილს და იძულებით გადაადგილებულ პირს არ ეძლევა საშუალება ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდეს საკუთარ სახლებში’’.

რუსეთის პოზიციას, რომლის მიხედვითაც, სოფელ პერევიდან ჯარის გაყვანით, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცეხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობის საკითხი საბოლოოდ დაიხურა, საქართველოს საგარეო უწყება მარცხისთვის განწირულ ნაბიჯად აფასებს.

,,საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უკვე გაკეთდა განცხადებები, სადაც რუსეთს ცალსახად მიუთითეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრული იმპლემენტაციის საჭიროებაზე და ასე გაგრძელდება საქართველოს სუვერენული ტერიტორიის სრულ დეოკუპაციამდე’’.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა განცხადება. განცხადებაში ნათქვამია, რომ სოფელ პერევიდან რუსული საგუშაგოს გადატანით, მედვედევ-სარკოზის ცეცხლილს შეწყვეტის შეთანხმება საბოლოოდ დაიხურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი